ახალი ამბები

ივანიაძე: გამოძიება დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მაიძულებდა

11 ივლისი, 2013 • • 1695
ივანიაძე: გამოძიება დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მაიძულებდა

ამის შესახებ განცხადება მამუკა ივანიაძემ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

 

ივანიაძე ამბობს, რომ 23- გვერდიანი ჩვენება პროკურორის – გიორგი დავითაშვილის კარნახით და ზეწოლით დაწერა. მისი განცხადებით, იძულებით მიცემული ჩვენების საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერთიფიკაციების დამდგენი ჯგუფის თავმჯდომარე კონსტანტინე ხუცაიძე დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი დღეს მიმდინარეობს.  

 

მამუკა ივანიაძემ დაკავების შემდეგ ადვოკატ სოსო ბარათაშვილის მომსახურებაზე უარი განაცხადა და სახაზინო ადვოკატი მოითხოვა. იავანიაძე ამბობს, რომ ეს პროკურატურის ზეწოლის შედეგად გააკეთა. რაც შეეხება 23-გვერდიან ჩვენებას, ბრალდებული ამბობს, რომ ის “ტრაქტორების საქმეზე” დაკავებულების, საკუთარი თავის და ასევე კონსტანტინე ხუცაიძის წინააღმდეგ არის  მიმართული. მას ჩვენება არ წაუკითხავს, ხელი ისე მოაწერა. 

 

ივანიაძის განცხადებით, არსებობს რისკები, რომ საიაში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ მასზე და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლა გაძლიერდეს. ის ჩვენების შეცვლას 5 აგვისტოს სასამართლო პროცესზე გეგმავდა, თუმცა კონსტანრინე ხუცაიძის დაკავების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დაკავშირებოდა. 

 

“მემუქრებოდნენ, რომ ციხეში ამომალპობდნენ. რამდენჯერმე იარაღიც დამადეს. მიხსენებდნენ ოჯახის წევრებს. დაკავებისთანავე პირველი 4 საათის განმავლობაში მაიძულებდნენ, რომ ჩვენება დავით კირვალიძის წინააღმდეგ მიმეცა. ჩემზე ზეწოლა იმიტომ გაძლიერდა, რომ დავით კირვალიძე ჩემი კლასელია და ბევრ სამსახურში გვიმუშავია ერთად” – ამბობს ივანიაძე. 

 

მისი თქმით, კონკრეტულად რა თემაზე უნდა მიეცა მას ჩვენება კირვალიძის წინააღმდეგ, გამომძიებლებმა არ დაუკონკრეტეს. ივანიაძე ეჭვობს, რომ დავით კირვალიძე პოლიტიუკურ შიდა დაპირისპირებას  ემსხვერპლა. 

 

ივანიაძე ამბობს, რომ მან იძულებითი ჩვენება იმიტომ მისცა, რომ “ტრაქტორების საქმეზე” დაკავებულებს გარეთ უფრო გამოადგებოდა. მისი თქმით, მან გლდანის ციხეში მასზე მიმდინარე ზეწოლას ვეღარ გაუძლო: “ერთ-ერთი დაკითხვის შემდეგ საკანში დაბრუნებულს სამი პატიმარი დახვდა, რომლებმაც ერთმანეთში იჩხუბეს, შემდეგ ერთ-ერთმა ვენები გადაიჭრა, ხმაურზე ბადრაგი შემოვიდა. ინცინდენტის დასრულების შემდეგ კი პროკურორმა მითხრა, თუ მათთვის სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, ბრალი დამიმძიმდებოდა. რადგან ეს სამი ადამიანი იტყოდა, რომ მე ვიჩხუბე და  ამის დამტკიცება გამიჭირდებოდა.”

 

 მამუკა ივანიაძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე ზეწოლის შედეგად მიცემულ ჩვენებას აუცილებლად შეცვლის. 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის განცახდებით, “ტარქტორების საქმეზე” სამი უწყების- პროკურატურის, სასმართლოს და სასჯელაღსრულების უწყების უსამართლო ქმედებები იკვეთება.

 

“პროკურატურის გამოძიება არის ტენდენციური. ბრალდების არსი არის აბსურდული. ადამინებს ედავებიან, რატომ შეისყიდა უმაღლესი ხარისხის ტრაქტორები და რატომ გადაიხადა ძვირი და რატომ არ იყიდა უფრო იაფი და თურქული.”

 

კახა კოჟორიძის განცხადებით, საია “ტრაქტორების” საქმის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. საიას ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ამ დროისათვის 5 პირია დაკავებული, სამი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 

 

2013 წლის 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტომ რვა პირი – შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი – ვაჟა ნახუცრიშვილი, მოადგილეები – მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი – ომარ თედორაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორები – ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, თეო ურუშაძე და გივი ქაიხოსროშვილი დააკავეს.

 

აღნიშნულ პირებს, „სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივ გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლაში“ედებათ ბრალი. სასამართლომ 7 პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გირაოს სანაცვლოდ აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიური ფაკულტეტის დეკანი თეო ურუშაძე, შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილეები მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე გაათავისუფლეს. 

 

“ტრაქტორების საქმეზე” სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის გამოძიება გრძელდება.  ბრალდებულების ადვოკატის სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, წინა სასამართლო სხდომა 20 ივნისს უნდა გამართულიყო. მაგრამ პროკურატურის მოთხივნით, სასამართლო პროცესი 2013 წლის 5 აგვისტოს გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი