საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით – “ასეთი სისულელით” პარტიის ბევრი წარმომადგენელი იყო დაკავებული:
“იმის გამო, რომ ათასობით ადამიანი საქართველოში წინა ხელისუფლებამ დააკავა სწორედ ამ კანონით, ანუ არაფერი არ დამიშავებია, მაპატიმრებენ – წინააღმდეგობას ვუწევ პოლიციას. აი, ასეთი სისულელით არის დაპატიმრებული მათ შორის “რესპუბლიკური პარტიის” უამრავი წარმომადგენელი და უამრავი სხვა პარტიის წარმომადგენელი. მე არა მგონია, რომ ამ კანონის გამძაფრება უნდა მოხდეს ახლა.”
ბერძენიშვილი ამბობს, რომ ფრაქცია “ქართული ოცნება-რესპუბლიკელების” წარმომადგენელი აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებზე თავის სიტყვას იტყვის:
“მე არ ვარ არც ადამიანის უფლებათა კომიტეტის, არც იურიდიული კომიტეტის წევრი, მაგრამ ვინც იქნება ჩვენი წარმომადგენელი, იმედი მაქვს, რომ ძალიან სერიოზულ სიტყვას ვიტყვით, იმიტომ, რომ ეს არის ნაბიჯები უფლებათა არა გაფართოებისკენ, არამედ შეზღუდვისკენ. ბუნებრივია, ამ ტენდეციას არ მივესალმებით.”
დეპუტატი ასევე განმარტავს, რომ არ უკვირს მთავრობის მსგავსი ინიციატივები:
“მთავრობა უნდა შემოდიოდეს ასეთი წინადადებით, უბრალოდ პარლამენტი ყველაფერს ბეჭედს არ უნდა ურტყამდეს, პარლამენტი არ უნდა იყოს მთავრობის გარკვეული კანტორა.”
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობა, აგრეთვე, მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა ან მათ მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა) გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით 15 დღით.
აღნიშნული ცვლილება საქართველოს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლში შედის.
აღნიშნულ (173-ე) მუხლს მხოლოდ “სიტყვიერი შეურაცხყოფა ან მათ მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება” ემატება. ასევე, ცვლილებებით, აღნიშნულ ქმედებისთვის იზრდება ჯარიმის ოდენობა 2000 ლარამდე. მოქმედი კანონმდებლობით კი ჯარიმის ოდენობა 400 ლარია.
განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს თან ახლავს, კანონპროექტის ავტორი (შსს) ცვლილებას ასე ხსნის:
“მოქმედი კანონმდებლობით, არ არის გათვალისწინებული არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ პირთა მიმართ, რომლებიც სიტყვიერად ან თავიანთი ქმედებით (ჟესტიკულაციის) შეურაცხყოფას მიაყენებენ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური ორგანოების თანამშრომლებს. აღნიშნული თანამდებობის პირები წარმოადგნენ სახელმწიფოს და მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით და მათ მიმართ გამოხატულ შეურაცხყოფაზე უნდა უნდა იყოს გათვალისწინებული სანქცია ან სახდელი, რასაც ითვალისწინებს ასევე წამყვანი ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა.”
