ახალი ამბები

მთავრობა მოწმეთა დაკითხვის ძველი წესის დროებით შენარჩუნებას ითხოვს

10 ივლისი, 2013 • • 2056
მთავრობა მოწმეთა დაკითხვის ძველი წესის დროებით შენარჩუნებას ითხოვს

დღეს მოქმედი ნორმით, მოწმის დაკითხვის უფლება გამომძიებელს სასამრთლო პროცესამდე აქვს და თუ მოწმემ გამოძებისთვის მიცემული ჩვენება შემდეგ სასამართლოში შეცვალა, ის დაისჯება.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოწმის დაკითხვის ახალი წესი 2013 წლის დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა საქართველოს ახალმა პარლამენტმა აღნიშნული ნორმის ამოქმედების ვადა 2013 წლის 1 სექტემბრამდე გადმოწია, რაც სპეციალისტების მიერ დადებით ფაქტად შეფასდა. თუმცა საქართველოს მთავრობა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივით და დაჩქარებული წესით ითხოვს მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების გადავადებას 2014 წლის 1 დეკემბრამდე.

 

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ გამომძიებლები არ არიან მზად სექტემბრიდან შეუდგნენ მოწმეების დაკითხვას ახალი წესით, საჯაროდ, სასამართლოს წინაშე, რის გამოც ამ ნორმის ამოქმედების ვადამ აუცილებლად უნდა გადაიწიოს.

 

“დაკითხვის ეს მეთოდი ნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები საჯაროდ მიიღებენ სასამართლო პროცესზე დაკითხვაში მონაწილეობას. შესაბამისად, ამ მიმართულებით საჭიროა მათ ჰქონდეთ შესაბამისი უნარ–ჩვევები, ცოდნა, პრეზენტაციის უნარი, ჰქონდეთ დაკითხვის სტრატეგიის ტაქტიკის შერჩევის ცოდნა, რადგან მოწმეები დაიკითხებიან საჯაროდ და ამან არ უნდა გამოიწვიოს სამართალდამცავების მიმართ ნდობის ხარისხის დაწევა, მათი კვალიფიკაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება”, – ამბობს შალვა თადუმაძე.  

 

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, უნდა გადამზადდეს საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ყველა გამომიებელი, მათი რაოდენობა კი რამდენიმე ათასია, გადამზადებას, სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და პროცსის დაგეგმვას დრო სჭირდება.

 

მოწმის დაკითხვა დიდი ბრიტანეთის სასამართლოში/ილუსტრაცია: Central News
მოწმის დაკითხვა დიდი ბრიტანეთის სასამართლოში/ილუსტრაცია: Central News

მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის იანვარში მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადა 2013 წლის სექტემბრისთვის გადმოწია, საქართველოს მთავრობისთვის ცნობილი იყო, რომ საგამოძიებო სტრუქტურები ამ სიახლისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ. კითხვაზე, რატომ ვერ მოემზადა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ცვლილებისთვის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე პასუხობს:

 

“შეუძლებელი იყო ამ დროში სამართალდამცავების გადამზადება.  დრო არ იყო საკმარისი, გარდა ამისა ამ ადამიანების რაოდენობა ძალიან დიდია, რადგან მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გადამზადდეს ყველა გამომძიებელი, რომელიც მუშაობს სისხლის სამართლის საქმეებზე, რომ მათ შეძლონ საჯაროდ ბრალდებულისა და მოწმეების დაკითხვა”.

 

ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიურლი ინიციატივის” იურისტი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ მოწმეთა მხოლოდ სასამართლო პროცსზე დაკითხვის წესის არამოქმედება ეწინააღმდეგება სასამართლოს შეჯიბრობითობის პრინციპს.

 

“არსებული მოდელით გამომძიებელს საქმის სასამართლოში განხილვამდე მეტი კომპეტენციები და უფლებები აქვს, ვიდრე დაცვის მხარეს. ეს ნიშნავს, რომ ჯერ გამომძიებელი კითხავს მოწმეებს, აგროვებს მტკიცებულებებს, აგზავნის საქმეს სასამართლოში, მოწმეს კი უფლება არა აქვს გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენება შეცვალოს სასამართლოში, რადგან ის ამისთვის დაისჯება.

 

აქ რამდენიმე საფრთხე არსებობს: პირველ რიგში, ეს არის ზეწოლის საფრთხე. გამომძიებელს შესაძლოა გაუჩნდეს ჩვენების ზეწოლის გზით მოპოვების სურვილი და ასე მიიღოს სასურველი ჩვენება. შესაძლოა, გამომძიებელმა ისე გააკეთოს ჩვენების ფორმულირება, რომ  მოწმე იმ მომენტში ეთანხმებოდეს, მაგრამ ეს იძლეოდეს ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, ხოლო ჩვენების დაზუსტებამ სასამართლოზე სულ სხვა შინაარსი მოგვცეს, რაც მოწმეს შეუქმნის პრობლემას”, – განუცხადა იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ “ნეტგაზეთს”.

 

გიორგი მშვენერაძე ამბობს, რომ მას მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ახსენებს 1990–იანი წლების მიწურულსა და 2000–იანი წლების დასაწყისს, როცა იმდროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართლის სისტემაში ნებისმიერ ცვლილებას საფრთხედ აღიქვამდა და შიშით ხვდებოდა.  გიორგი მშვენიერაძე იხსენებს, რომ შსს–ს მაშინ ეშინოდა შემცირებულიყო წინასწარი პატიმრობა 24 თვიდან 9 თვემდე. ისინი ამბობდნენ, რომ ვერაფერს გამოიძიებდნენ, თუმცა, ამ ვადის შემცირებას ხელი არ შეუშლია გამოძიების წარმოებისთვის.

 

“ეს არის ისეთი ორგანოები, რომლებსაც სურთ მეტი კომფორტი, მაგრამ მეორე მხრივ, საპირწონედ დგას ადამიანის უფლებები, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია. სახელმწიფომ შიშების მიუხედავად ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, რადგან პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ასეთი ნაბიჯების მიუხედავად ქვეყანა არ დაქცეულა.

 

ამ ცვლილების ამოქმედება ჩვენი სამართლის სისტემისთვის არის რევოლუციური, რადგან მთლიანად სასამართლო აწყობილია შეჯობრობითობის პრინციპზე, ისეთ მოდელზე, როგორიც არის აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, და მოწმეების მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესის ამოქმედება რეალურად მიუახლოვდება ადამიანის უფლებების დაცვის საკმაოდ მაღალ სტანდარტს”, – ამბობს იურისტი გიორგი მშვენიერაძე.

 

ის ასევე ეჭვს გამოთქვამს, რომ შესაძლოა, ამ წესის ამოქმედება გარკვეული დროის შემდეგ საერთოდ დადგეს ეჭვქვეშ მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში არსებული ჩანაწერის გამო.

 

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ  მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება ნაჩქარევად არ შეიძლება და საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.

 

“უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიქმნას სპეციალისტთა და ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს შედარებით სამართლებრივ კვლევას მოწმის დაკითხვის ინსტიტუტთან დაკავშირებით”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, შემდეგ კი ჩამოთვლილია მოწმის დაკითხვის რამდენიმე ინსტიტუტი, რომელიც დღესდღეობით მოქმედებს მსოფლიოში.

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, მსგავსი ჩანაწერი განმარტებით ბარათში ხომ არ ნიშნავს, რომ მთავრობამ შესაძლოა, საბოლოო ჯამში, შეიცვალოს ხედვა და საერთოდ უარი თქვას მოწმეების მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესის ამოქმედებაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე პასუხობს:

 

“არცერთ შემთხვევაში არ შეიცვლება მთავრობის ხედვა ამ მოდელთან დაკავშრებით. მთავრობა მოწოდებულია, რომ სასამართლო იყოს შეჯიბრობითობისა და სამართლიანობის პირნციპზე დაფუძნებული. ამისთვის მთავრობა აკეთებს კონკრეტულ ღონისძიებებს, რესურსს ხარჯავს გამომძიებლების გადამზადებაზე და ეს ნიშნავს, რომ მთავრობა მზადაა ეს ნორმა აამოქმედოს, უბრალოდ, აქ საუბარია მხოლოდ ვადის გადაწევაზე, რათა მოხდეს გამომძიებლების გადამზადება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი