ახალი ამბები

შსს: სპეცოპერაციის დროს არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა

22 ნოემბერი, 2017 • 1511
შსს: სპეცოპერაციის დროს არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა

შსს-ს ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქალაქ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები.

“საპატრულო პოლიცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სპეცოპერაციის განმავლობაში მიმდებარე პერიმეტრს იცავდა. პოლიციის მიერ ეტაპობრივად განხორციელდა საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოყვანა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცველები მკაცრად აკონტროლდებდნენ მოქალაქეების გადაადგილებას. საპატრულო პოლიციის ყველა ქმედება მიმართული იყო მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისკენ.

სპეცოპერაციის მსვლელობისას არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა”, – იუწყება შსს.

პრესსამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა. მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე და შს მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია.

“სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ოთხი სპეცრაზმელის, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია” – აცხადებს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი