ახალი ამბები

სუსი: მოკლულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი და სუს-ის 1 თანამშრომელი

22 ნოემბერი, 2017 • 3533
სუსი: მოკლულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი და სუს-ის 1 თანამშრომელი

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი მოკლულია. ამის შესახებ სუს-ის სპიკერმა ნინო გიორგობიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“სამწუხაროდ, დაიღუპა სუს-ის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2. ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს 2 თანამშრომელი.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიცაკიის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით”, – განაცხადა გიორგობიანმა.

მან დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა. მათ შორის არ აუხსნია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რა ტიპის დანაშაულებრივი ჯგუფი იყო და ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე კავშირი ტერორიზმთან? სუს-ში არც იმ შეკითხვას უპასუხეს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ მოკლულები, რომლებსაც სუსი მოიხსენიებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად.

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყო და 22 ნოემბერს, 17:30 საათზე დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი