პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს, ასევე, საკანონმდებლო ცვლილებებს „საარჩევნო კოდექსსა“ და „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს ვეტო დაადო. ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ვეტოებით საქმე გააჭირა:
“ეს ვეტოები უკვე გახდა რაღაცა ქრონიკული მოვლენა პარლამენტისთვის. უნდა გითხრათ, რომ ყოველ მომდევნო ვეტოზე უბრალოდ რამე პოლიტიკური რეაქცია კი არ გიჩნდება, არამედ გიჩნდება რეაქცია, რომ – ამან ხომ გააჭირა საქმე. დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება ჩნდება და ვფიქრობ, რომ უკვე არასერიოზული გახდა ვეტოები. რამდენ ვეტოსაც დაადებს, იმდენს დავძლევთ. ვეტოზე გაცილებით ეფექტური საპარლამენტო მუშაობაა და ჩვენ ბევრჯერ შევცვალეთ კანონებში ჩვენი მიდგომა, როდესაც ოპოზიციასთან დიალოგი და კონსულტაცია გვქონდა. ვეტო არ არის კარგი და ეფექტური გამოსავალი.”
აქედან გამომდინარე, ძიძიგური აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობის მიერ ბოიკოტის შეწყვეტა დადებითი მოვლენაა:
“სუფთა სუბიექტურად თუ მიუდგები, ოპოზიციის გარეშე გაცილებით უფრო ჩქარა მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ვემსგავსებოდეთ იმ პარლამენტებს, როდესაც ოპოზიციის გარეშე ერთი პოლიტიკური ძალა მხოლოდ არის ჩართული მუშაობაში, ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ყოფნა და ოპოზიციური აზრი, რაც უფრო ხშირად ისმის, ვფიქრობ, რომ უფრო კარგი და ოპტიმალური შედეგები და გადაწყვეტილებები მიიღება ხოლმე. ამიტომ მივესალმები, რომ ოპოზიცია ბრუნდება პარლამენტში.”
ძიძიგურმა ასევე მიქაუტაძის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საქმეზე შს სამინისტრო დამაკმაყოფილებელ პასუხებს გასცემს კითხვებს:
“შესასწავლია საქმე. გამჭირვალე არის მთლიანად პროცესები, ამიტომ ყველა ტიპის კითხვები, რომლებიც ასეთ საკითხთან დაკავშირებით ისმის, გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს და მე ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროც არის ზუსტად იგივე განწყობით. ისინი არ ფიქრობენ, რომ რაღაცას ხელი უნდა დააფარო, ან რაღაცა საზოგადოებისთვის დამალული უნდა იყოს. ისინი არიან საზოგადოებასთან აქტიური, გამჭირვალე მუშაობისთვის მზად და დარწმუნებული ვარ მიქაუტაძის საქმეზეც იქნება ძალიან დამაკმაყოფილებელი პასუხები მთელი საზოგადოებისათვის.”
