ახალი ამბები

ხათუნა გოგალაძე: ხეების მოჭრა ასათიანზე დროებით შეჩერდება

8 ივლისი, 2013 • 1127
ხათუნა გოგალაძე: ხეების მოჭრა ასათიანზე დროებით შეჩერდება

მინისტრის განცხადებით, ხვალ, 9 ივლისს ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი მივა, ისინი ხეების მდგომარეობასთან დაკავშირებით სინჯებს აიღებენ. თუმცა ხათუნა გოგალაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხეები ჯანსაღია, ინვესტორთან მათი მოჭრის საბოლოოდ შეჩერებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული არაა:

“ხალხი გაღიზიანებულია, ჩვენ გვთხოვდნენ, რომ მივსულიყავით, ჩვენც, რა თქმა უნდა, გვაწუხებს ეს ყველაფერი როგორც მოქალაქეებს და ამიტომ მივედით. ძალიან გვინდა ისე მოხდეს პოზიციების შეჯერება, რომ მეტნაკლებად იყოს ყველასთვის მისაღები.

შევთანხმდით, რომ ჩვენ ხვალ უნდა გავაგზავნოთ ექსპერტები, რათა მათ აიღონ სინჯები. იქ არის მოჭრილი ხეები, რომელთაგან ზოგს ეტყობა, რომ დაავადებულია, მაგრამ ზოგი ჯანსაღი შესახედაობისაა, ამიტომ კვლევა უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული და სანამ კვლევის შედეგები არ დაიდება, მანამდე შეაჩერებენ საქმიანობას მოჭრის თვალსაზრისით.

მიზანი ამ დასკვნის არის ის, რომ ნამდვილად ვნახოთ, როგორი ხე იჭრება. თავდაპირველად საუბარი იყო 37 ხეზე, მაგრამ მერე გაირკვა, რომ უფრო მეტ ხეზეა მერიის მხრიდან გაცემული ნებართვა”, – აცხადებს ხათუნა გოგალაძე.

მისი თქმით, სამინისტროს ხეების მოჭრის წინააღმდეგ ამ შემთხვევაში რეალური ბერკეტი არ გააჩნია:

რამდენად სწორად იყო გაცემული ნებართვა, რამდენად სწორად იჭრება ხეები, ეს ყველაფერი არის მერიის კომპეტენცია, თუ დარღვევით გაკეთდა რამე, მათ უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები. თუკი ინვესტორისთვის ალტერნატიური ფართის შეთავაზება მოხდება, ამაში უკვე ეკონომიკის სამინისტრო უნდა ჩაერთოს, ჩვენ უბრალოდ ვითავეთ მედიატორის როლი. პარასკევს სწორედ ამიტომ გვქონდა შეხვედრა, სადაც ყველა მხარე იყო მოწვეული, მაგრამ რომ გითხრათ, რომ რაიმე კონსენუსამდე მივედით და ლოგიკურ შედეგამდე, ნამდვილად არა”, – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.

მინისტრის თქმით, თუ საჭიროება იქნება, სამინისტრო მზადაა კვლავ მოაწყოს შეხვედრა ყველა მხარის მონაწილეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი