ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექცია საპატრულო სისტემას ნერგავს

8 ივლისი, 2013 • 1736
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექცია საპატრულო სისტემას ნერგავს

“ვგეგმავთ საპატრულო სისტემაზე გადასვლას, იქნება 24- საათიანი პატრულირება, ასევე გვეყოლება ინსპექტირება, რომელც გეგმიურად შეამოწმებს სხვადასხვა საწარმოებს თუ ქარხნებს”, – განაცხადა მუკნიაშვილმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 2011 წელს გარემოს დაცვის ინსპექცია გაუქმდა, უკანონო ბუნებათსარგებლობის და ბრაკონიერობის ფაქტები გაიზარდა, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის დეპარტამენტი სრულად არ არის დაკომპლექტებული, თუმცა დარღვევის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენციული სამუშაოები დაწყებულია. როგორც ირაკლი მუკნიაშვილმა განაცხადა, დეპარტამენტის შექმნის დღიდან (2013 წლის 14 მაისიდან) დღემდე 191 კანონდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის შემთხვევების ყველაზე დიდი ნაწილი, 45 შემთხვევა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირობების დარღვევას ეხებოდა, გამოვლინდა ხე–ტყის უკანონოდ ჭრის 38 ფაქტიც.

სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ხე–ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების პირობების შესრულების მდგომარეობის შესწავლა.

გარემოს დაცვის ინსპექცია 2011 წლის მაისის თვეში გაუქმდა. ცვლილებების თანახმად, გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას მხოლოდ საგამოძიებო დეპარტამენტი ახორციელებდა.

ეს გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგი იყო, რომლის შემდეგაც გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების დაცვა ერთმანეთს გაემიჯნა და ორი ახალი სახელწოდების სამინისტრო ჩამოყალიბდა – გარემოს დაცვის სამინისტრო და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი