ვარკეთილში, ზემო პლატოზე „ანას ბაღთან“ 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.
მშენებლობისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია. რკინის ბოძები, რომელიც მშენებლობის ადგილს საზღვრავს, ზუსტად ბაღის გასწვრივ არის ჩარჭობილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ როდესაც მშენებლობა დაიწყება, 2 წლის განმავლობაში ბაღში შესასვლელი ჩაეკეტებათ.
“შესასვლელი იკეტება, 2 წელი საერთოდ არ გვექნება შესასვლელი ადგილი. ორი წელი როგორ გავუძლებთ და მერეც რა იქნება. ჩვენი შვილები ადგებიან, ჰაერს და მზეს ვეღარ დაინახავენ, პირდაპირ კორპუსს უნდა შეხედონ. რა გვეშველება, არ ვიცი,”- ამბობს ადგილობრივი, 22-ე კორპუსში მცხოვრები გულო ციხელაშვილი.
შეკრებილი მოსახლეობა პირადად თბილისის ახალარჩეულ მერს, კახა კალაძეს მიმართავს და სთხოვს, რომ ინვესტორს ადგილის გაცვლა შესთავაზოს:
“გვესმის ინვესტიცია, გვესმის ინვესტორი, მაგრამ, თუ ხელისუფლების კეთილი ნება იქნება, უშუალოდ ბატონი მერის, როგორც გვპირდებიდა, რომ თითოეულ მოქალაქეზე ვიზრუნებო, მისცენ ამ ხალხს ადგილმონაცვლეობა. ვარკეთილში ადგილების მეტი რა არის, ისე, რომ არც ის არ დაზარალდეს და ჩვენი მოთხოვნაც გათვალისწინებული იყოს. ხარვეზებით, ჩვენ რომ ეს ვაჩეროთ, ვაჩეროთ და ერთი წლის მერე მაინც ააშენონ, ამას აზრი არ აქვს. გვინდა, რომ კორპუსი საერთოდ არ აშენდეს და მოსახლეობას ჰქონდეს სუნთქვის საშუალება,”- გვეუბნება ადგილობრივი მედეა გრიგოლავა.
გარდა იმისა, რომ სარეკრეაციო სივრცეს ზღუდავს, 21-ე და 22-ე კორპუსების მცხოვრებლებს სხვა მოტივაციაც აქვს, რომ ახალი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტონ. ეს სკვერი ატარებს რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის ანას სახელს, რომელიც ამ ეზოში გაიზარდა და ყველა იცნობდა. რამდენიმე ადამიანმა ჩვენთან ამ თემაზე საუბრისას ცრემლი ვერ შეიკავა და განაცხადა, რომ ბოლომდე, ყველა შესძლო გზით იბრძოლებენ, რომ ახალი კორპუსი აქ არ აშენდეს და მათთვის ძვირფასმა ბაღმა ფუნქცია შეინარჩუნოს.
გარდა ამისა, 22-ე კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ “ანას ბაღი” პატარა ბაღია, ყველას უყვარს და მეზობელი კორპუსებიდანაც მოდიან აქ ადამიანები.
“ეს ბაღი ჩემი შვილიშვილის სახელობის ბაღია, მანამდეც, 30 წელია ვუვლიდი, იმდენი ამაგი მაქვს, ეს ხეებიც ჩემი შვილებით მყავს გაზრდილი. გული ძალიან მტკივა. ახლა მოვიდნენ, რაღაც კომპანია აშენებს კორპუსს. ჩემი ანას სახელს კეტავენ და ძალიან ვნერვიულობ. მინდა, მივაწვდინო ხმა კალაძეს, როგორც თავის შვილებისთვის მოინდომებს, ისე ჩვენი შვილებისთვის, რომ ჰაერი გვქონდეს, სუნთქვა შეიძლებოდეს, და სუფთა ჰაერი ჰქონდეთ, რომ ჯანმრთელები გაიზარდონ,”- გვეუბნება გულო ციხელაშვილი.
კიდევ ერთი მაცხოვრებელი გვეუბნება, რომ ახალი კორპუსის აშენებსის შემთხვევაში დაუცველი იქნება უსაფრთხოების ნორმები, რადგან სახანძროსა და სასწრაფოს მათ კორპუსამდე მისვლა გაჭირდება.
“ვეუბნები, თქვენ რომ აშენებთ და თქვენი ნორმები დაცულია, ეს სხვა თემაა, მაგრამ აშენებულ კორპუსში მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებთ, ეს მშენებლობა უნდა შეჩერდეს” – ამბობს ლიზა სანაია.
მშენებლობას ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში “ევროპული სამშენებლო კომპანია” აწარმოებს. კომპანია 2017 წლის მარტშია რეგისტრირებული და მისი 100%-ის მფლობელი ტაჯიკეთის მოქალაქე პარვიზ საიდოვია.