თავისუფლების მოედანზე, “გალერია თბილისში” H&M-ის მაღაზია ოფიციალურად გაიხსნა. 16 ნოემბერს გამართული გახსნის ცერემონიის შემდეგ, რომელზეც მხოლოდ მოწვეული სტუმრები დაიშვებოდნენ, დღეიდან მაღაზია ყველა ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მაღაზიაში მოხვედრის მსურველთა რიგი თავისუფლების მეტროდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემდე გრძელდებოდა.
ის სამი ადამიანი, ვინც მაღაზიის მთავარ შესასვლელთან პირველი გამოცხადდა, “H&M”-მა, შესაბამისად, 200, 100 და 50 ლარიანი ვაუჩერებით დაასაჩუქრა. პრიზები მათ გახსნის ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაეცათ. ადგილზე მისულმა პირველმა 1000-მა ადამიანმა კი 30%-იანი ვაუჩერები და მაღაზიის ბრენდირებული ჩანთები მიიღო.

H&M-ის მაღაზია სამი სართულისგან შედგება. პირველ სართულზე – მამაკაცის, მეორეზე – ქალის, მესამე სართულზე კი ბავშვის ტანსაცმელია განთავსებული. მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, მხოლოდ დღეს, მთელ კოლექციაზდ 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
თავად “გალერია თბილისი”, სრული დატვირთვით, 30 ნოემბერს გაიხსნება.