ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ციხელაშვილი: შოტლანდიაში კვლავ უნდა განთავსდეს დაღუპულთა მემორიალი

18 ნოემბერი, 2017 • 5013
ციხელაშვილი: შოტლანდიაში კვლავ უნდა განთავსდეს  დაღუპულთა მემორიალი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, ფიქრობს, რომ შოტლანდიაში აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპულთა მემორიალი კვლავ უნდა განთავსდეს. მინისტრის თქმით, კონფლიქტის მოგვარების გზა შერიგებაზე გადის და დარმუნებულია, რომ  პრობლემის გადასაწყვეტად შესაბამისი ფორმა გამოიძებნება. მისი განცხადებით, ქართული მხარე ბრიტანეთთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

“აფხაზეთში 1992-1993 წლის საომარი მოქმედებებისას, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, საუბედუროდ, დაიღუპა ათასობით ადამიანი, ქართველები და აფხაზები. დაღუპულთა ოჯახების და ახლობლებისთვის მათი ხსოვნა ყოველთვის ძვირფასი იქნება, ტკივილი კი მოუშუშებელი. ეს ჩვენი საერთო ტრაგედია და ტკივილია, და ყველას ერთნაირად გვტკივა. ეს არის უმძიმესი ადამიანური ტრაგედია.

სწორედ იმისათვის, რომ აღარასდროს დავუშვათ სისხლისღვრა, ომი, დაპირისპირება, რომელიც თანაბრად გვაზარალებს და იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი, ჩვენი უნდა წავიდეთ შერიგების გზით. შერიგება კი პირველ რიგში ერთმანეთთან მისასვლელი გზების აღდგენას, ნდობის დაბრუნებას, ურთიერთგაგებას, მათ შორის, ერთმანეთის ტკივილის პატივისცემას გულისხმობს.

ამიტომ, მიმაჩნია, რომ კვლავ უნდა განთავსდეს შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში დაღუპულთა მემორიალი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი პირობა აქვს კილმარნოკის ადგილობრივი ხელისუფლებისგან. დარწმუნებული ვარ, შესაძელებლია იმ ფორმის მოძებნა, რომელიც ამ საერთო ტკივილს გამოხატავს და რაც ყველა მხარისათვის, რომელიც ტკივილს განიცდის, მისაღები იქნება. ამ საკითხში მზად ვართ ბრიტანულ მხარესთან თანამშრომლობისთვის. მეტიც, მიმაჩნია რომ პროცესში შესაძლებელია ქართველი და აფხაზი სპეციალისტების ჩართვა და თანამშრომლობა” , – აღნიშნა ციხელაშვილმა.

შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში 90-იანი წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპულთა მემორიალი … მოხსნეს.   მემორიალის დემონტაჟის შესახებ 10 ნოემბერს ნეტგაზეთთან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა და  განაცხადა, რომ თავად პირადად მონაწილეობდა დიდ ბრიტანეთში, კონკრეტულად კი, შოტლანდიაში გამართულ იმ მაღალი დონის შეხვედრებში, სადაც, ქართულმა მხარემ კილნმარნოკში 90-იან წლებში დადგმული აფხაზური მემორიალის დემონტაჟის საკითხი დააყენა. თუმცა, 16 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ძეგლის დემონტაჟი ქართულ მხარეს არ მოუთხოვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი