ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბერუჩაშვილი: შოტლანდიაში აფხაზური მემორიალი უკვე მოხსნილია

10 ნოემბერი, 2017 • 7278
ბერუჩაშვილი: შოტლანდიაში აფხაზური მემორიალი უკვე მოხსნილია

შოტლანდიის ქალაქ კილნმარნოკში 90-იან წლებში დადგმული, აფხაზური დროშის ფონზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპულთა მემორიალის დემონტაჟის შესახებ აფხაზურ მხარე ოფიციალურ კომენტარს, სავარაუდოდ, მოგვიანებით გაავრცელებს. თუმცა პირად საუბარში დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ მათაც მედიის საშუალებით შეიტყვეს.

ქართული მხარის ნაბიჯი მანამდე ფეისბუკის აფხაზმა მომხმარებლებმა შეაფასეს. რეაქციის ძირითადი პათოსი ის არის, რომ ქართულ მხარეს აფხაზურ “ძეგლებთან და მემორიალებთან” ბრძოლაღა დარჩენია და დეკლარირებული სამშვიდობო პოლიტიკა და “აფხაზი დების და ძმების” წინააღმდეგ გადადგმული მსგავსი რადიკალური ნაბიჯები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

“განსხვავებული აზრი ყველგან შეიძლება იყოს, ყველა კონკრეტულ თემაზე, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება რეალობას და არაადეკვატური პროპაგანდის საშუალებაა, არ უნდა გავრცელდეს”, – განუცხადა ნეტგაზეთს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილმა აფხაზური მხარის რეაქციების შესახებ კითხვაზე.

ამასთან, თამარ ბერუჩაშვილი სამშვიდობო პოლიტიკის შესახებაც საუბრობს. 

“ქართული სახელმწიფოს დღევანდელი პრიორიტეტია მხოლოდ მშვიდობიანი და დიალოგის გზაზე დაფუძნებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რომ ჩვენი აფხაზი დები და ძმები და ყველა ის მოქალაქე, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მაქსიმალურად დარწმუნდეს იმაში, რომ ერთიან დემოკრატიულ საქართველოში ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე დღევანდელ ილუზიებში ყოფნა, რომელსაც რუსული პროპაგანდისტული მანქანა კვებავს”.

თამარ ბერუჩაშვილი პირადად მონაწილეობდა დიდ ბრიტანეთში, კონკრეტულად კი, შოტლანდიაში გამართულ იმ მაღალი დონის შეხვედრებში, სადაც ქართულმა მხარემ კილნმარნოკში 90-იან წლებში დადგმული აფხაზური მემორიალის დემონტაჟის საკითხი დააყენა.

“დიალოგი მიმდინარეობდა თითქმის მთელი თვის განმავლობაში. დღეს ეს მემორიალი უკვე მოხსნილია. მისი დემონტაჟი მოხდა საქართველოს საელჩოს ძალიან აქტიური ძალისხმევით, ედინბურგში ჩემი ვიზიტის შემდეგ, როდესაც გვქონდა შეხვედრები შოტლანდიის მთავრობასთან, სერიოზული ჩართულობა იყო ქალაქ კილნმარნოკში ხელისუფლებასთან”.

ბერუჩაშვილი ამბობს, რომ ქართულმა დიპლომატიამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენოს.

“რაც ასევე ითვალისწინებს ყველა იმ ფაქტის აღმოჩენას, შესწავლას, რომელიც რუსული პროპაგანდის შედეგად, ე.წ. აფხაზური და ოსური სახელმწიფოს დამოუკიდებლობის პროპაგანდას ეხმიანება. ჩვენი ამოცანაა, ასეთი ფაქტები აღმოვაჩინოთ, მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს პარტნიორ მხარეებს, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იმ პრინციპს, რომელსაც იზიარებენ ჩვენი სახელმწიფოები, კონკრეტულად, ბრიტანეთი და საქართველო”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი