ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში მოქმედებას აგრძელებს და სწორედ ამის გამო არ ესწრებოდა დღეს, 5 ივლისს სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გამართულ ღონისძიებას, სადაც დეპუტატებმა ჟურნალისტებს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი გააცნეს.

 

“დღეს ვართ ბოიკოტის რეჟიმში. ძალიან რთული სიტუაციაა ქვეყანაში. უმცირესობის ლიდერმა შესთავაზა შეხვედრა პრემიერ–მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ განხილული იყოს ყველა საკითხი და ის მოვლენები, რაც ხდება საქართველოში, დაწყებული თვითმმართველობებზე თავდასხმებით, გაგრძელებული მასობრივი დაკავებებით თბილისში, რაც იყო პირდაპირი უკანონო მოქმედება ფინანსური პოლიციის მხრიდან.  ყველა ამ საკითხზე აუცილებელია შესაბამისი შეფასება მოხდეს, სწორედ ამის შემდეგ გადავწყვეტთ, ჩვენ ჩავერთვებით თუ არა საპარლამენტო მუშაობაში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ვაშაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 10 ივლისს უმრავლესობა პარლამენტში საგანგებო სესიის გამართვას გეგმავს, თუმცა ვაშაძე აცხადებს, რომ ნაცმოძრაობას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა განხილვებში მონაწილეობას:

 

“არ არის გადაწყვეტილი ჯერჯერობით. დღეის მდგომარეობით არ მივიღებთ მონაწილეობას”, – აღნიშნა მან.

 

შეგახსენებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 28 ივნისს პოლიტიკური ბოიკოტი გამოაცხადა და საპარლამენტო საქმიანობა დროებით შეწყვიტა. როგორც პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა  28 ივნისს ქუთაისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი თბილისის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლების დაკავებები გახდა.

 

 

“საზოგადოებას მოეხსნება, რომ ფინანსური პოლიციის და მთავრობის მხრიდან მიმდინარეობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ უპრეცედენტო შეტევა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ  გუშინ დილიდან საკრებულოს წევრების, თბილისის პარტიული ხელმძღვანელების და სხვა პარტიის წევრი თანამდებობის პირების მიმართ ხორციელდება უკანონო დაკავებები, გატაცებები, რაც, ბუნებრივია, არღვევს კონსტიტუციას და საპროცესო კანონმდებლობას. შემდეგ ის ადამიანები გამოშვებულ იქნენ, თუმცა იმავე ღამეს ასევე საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით ისინი ისევ დააკავეს. ეს პოლიტიკური შეტევა განაპირობებს ჩვენი პარტიის მიმართ უპროცედენტო თავდასხმას. ასეთ პირობებში საპარლამენტო ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლებელია ჩვეულებრივი რუტინული საპარლამენტო საქმიანობის წარმართვა. ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას ისეთი კანონმდებლობების განხილვაში, როგორიც არის, მგალითად, ტელესერიალების გაუქმება და ასე შემდეგ, მაშინ, როცა მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის, როგორც მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, განადგურების პროცესი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავდივართ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში. საპარლამენტო ფრაქცია ტოვებს პარლამენტის სხდომას. მთელი შემადგენლობით მიდის თბილისში, რათა თბილისში გავაგრძელიოთ სიმართლისთვის და კანონიერებისთვის ბრძოლა. მომავალი გეგმების თაობაზე პარტია უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მან

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *