საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ლევან კობერიძემ და დავით ჭიჭინაძემ განაცხადეს. პარლამენტის წევრები ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ლარის გაუფასურების საკითხზე განმარტებას ითხოვენ.
“ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრებს, არ შეგვიძლია ვიმარჩიელოთ რაღაც თემებზე და ვთქვათ, რომ კურსი ამიტომ იცვლება ან არ იცვლება. სწორედ ეროვნული ბანკი არის ის უწყება, რომელსაც აქვს ეს ინფორმაცია სრულყოფილად, რომელსაც აქვს მთელი ეს რუკა, თუ რა ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით. შესაბამისად, მათთან საკმაოდ პროფესიონალური მსჯელობა გვექნება ამ საკითხზე,”- აცხადებს ლევან კობერიძე.
ქართული ოცნების წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ დევალვაციის პროცესზე ეროვნულ ბანკს მეტი პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს.
“ქვეყნის პირველი ბანკი ყველაზე მეტად უნდა იყოს შეშფოთებული ამ საკითხით, მაგრამ მას ჩვენ შეშფოთებას ვერ ვატყობთ. განცხადებასაც არ აკეთებს. გვახსოვს ახლო წარსულში მისი განცხადება, რომ არ აპირებს განცხადების გაკეთებას. თუ არ აპირებს, მე ვფიქრობ, პარლამენტს აქვს საკმარისი კომპეტენცია დაიბაროს. ეს ტენდენცია ერთ თვეზე მეტია გრძელდება და არც ისე მოკლევადიანია. ასეთ მდგომარეობაში ეროვნულ ბანკს მეტი პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს,”- განუცხადა ტელეკომპანია “იმედს” დავით ჭიჭინაძემ.
“ნეტგაზეთს” ეროვნული ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია, მივა თუ არა კობა გვენეტაძე პარლამენტში.
ახალი გაცვლითი კურსით ხვალ 17 ნოემბერს ლარის ოფიციალური ღირებულება დოლარის მიმართ 2.70 ლარი იქნება. ლარი ევროს მიმართ მცირედით გამყარდა და ევროს ოფიციალური ღირებულება 3.18 ლარი გახდა. ლარის მკვეთრი გაუფასურება არჩევნების შემდეგ, 24 ოქტომბრიდან დაიწყო. საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო დოლართან მიმართებაში.