“მეცნიერება თუ პატრიოტიზმი” – სომეხი სტუდენტების პროტესტი გრძელდება

კნარ ხუდოიანი სომხეთიდან

დღეს, 15 ნოემბერს, სომხეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი სამხედრო სამსახურის შესახებ, რომელიც ორწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების შეზღუდვას ითვალისწინებს. შესაბამისად, სტუდენტების საპროტესტო აქციები სომხეთში გრძელდება.

სომხეთის მთავრობისადმი მრავალრიცხოვანი უპასუხო წერილების შემდეგ, სომეხი სტუდენტები ქუჩაში სამხედრო სამსახურზე მიღებული ახალი კანონის გასაპროტესტებლად პირველად 7 ნოემბერს გამოვიდნენ.

აქამდე არსებული კანონის მიხედვით, ყოველწლიურად, 2000 სტუდენტს საგანმანათლებლო მიზნით სამხედრო მსახურების გადავადება შეეძლო.

ახალი კანონის მიხედვით, სტუდენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ სამხედრო სამსახურის გადავადება, თუ თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებენ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც სწავლის დასრულების შემდეგ 3 წლის განმავლობაში ჯარში იმსახურებენ.

დღესდღეობით სომხეთში გაფიცვის ინიციატორ მოძრაობას “მეცნიერების განვითარებისთვის” ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი უერთდება.

აქციები მიმდინარეობს უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში მსვლელობით, რომელსაც თან ახლავს შეძახილები- “თავისუფალი სტუდენტი”, “ გადაიდოს სამხედრო სამსახური”.

სტუდენტების გაფიცვამ უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაცია გააღიზიანა. უნივერსიტეტების ხელმძღვანელობების დავალებით კეტავენ შენობის კარებს, რათა სტუდენტებმა გარეთ გასვლა და აქციაში მონაწილეობა ვერ მოახერხონ. არის შემთხვევები, როდესაც ლექტორები “ცუდი” ნიშნების დაწერითაც იმუქრებიან.

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, იულია ანტონიანის განცხადებით, უნივერსიტეტის ვიცერექტორმა პროფესორები გააფრთხილა, რომ არ ჩაერიონ გაფიცვაში და სტუდენტების პროტესტს მხარი არ დაუჭირონ.

სტუდენტური კავშირები კი, რომლებიც მთავრობის აშკარა მხარდამჭერები არიან, აცხადებენ, რომ სტუდენტურ გაფიცვას მხარს არ დაუჭერენ და გაფიცულ სტუდენტებსაც მოუწოდებენ, “სწავლის პროცესში ხელი არ შეუშალონ”.

ხელისუფლება გაფიცულ სტუდენტებთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს. მთავრობის სხვადასხვა წევრის განცხადებით, სტუდენტებს, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა არ სურთ, პატრიოტული გრძნობები არ გააჩნიათ.

მოძრაობა “მეცნიერების განვითარებისთვის” ყოველთვის აცხადებდა, რომ მათი მოტივი “ჯარისთვის თავის არიდება არ არის და არც დეზერტირები არიან”. გაფიცვის მონაწილეები ყოველ აქციაზე აცხადებენ, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ მზად არიან ჯარში წასასვლელად.

“დიახ, ბევრი ადამიანი აკადემიური ხარისხის მიღებასაც ცდილობს ჯარისგან თავის ასარიდებლად. დიახ, საგანმანათლებლო სისტემაში არის კორუფცია. მაგრამ ეს ჩვენი ბრალია? ერევნის მერმა, ტარონ მარგარიანმა, მიუხედავად იმისა, რომ შორსაა მეცნიერებიდან, ახლახან აიღო PHD. დაე, თავად ებრძოლონ კორუფციას და არ მიიღონ ისეთი კანონები, რომლებიც მძიმედ აისახება მეცნიერებაზე. 35-დან 60-წლამდე ასაკის ადამიანთა ჯგუფში მეცნიერების ძალიან დიდი რაოდენობაა. ახალი კანონის მიღების შემდეგ, ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელების საშუალება საერთოდ აღარ ექნებათ. გვესმის, რომ ჯარი მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყნისთვის განათლებაც მნიშვნელოვანია. მილიტარიზაცია ყველა სფეროშია, რაც არასწორია” – ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ერთ-ერთი გაფიცული, ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი, არშაკ ჰოვანესიანი.

სტუდენტებს იმედი ჰქონდათ, რომ ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ლევონ მკრტიჩიანი მათ მხარდაჭერას გამოუცხადებდა.

“ეს სოციალური სამართლიანობის საკითხია. იფიქრეთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც სანგრებში სხედან, იქნებ მათაც მეცნიერებად გახდომაც სურთ. ეს ცოტა მგრძნობიარე თემაა. მე გავიგე თქვენი შეძახილები “თავისუფალი და დამოუკიდებელი სტუდენტი”. და სამშობლოს წინაშე თქვენ ვალდებულებისგან თავისუფალი ხართ? მე მაქვს უფლება, ამაში არ ვიყო დარწმუნებული” – განაცხადა მინისტრმა მკრტიჩიანმა 8 ნოემბერს, გაფიცულ სტუდენტთა წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.

მომდევნო დღეს, 9 ნოემბერს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაძრულმა სტუდენტებმა მთავრობის შენობასთან პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან შეხვედრა მოითხოვეს. კარაპეტიანი პრესის დასწრების გარეშე მხოლოდ სტუდენტებს შეხვდა.

“თუ ფიქრობთ, რომ არსებობენ გარკვეული კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ჯარში არ უნდა მსახურობდნენ, მაშინ ამ აზრს პრინციპულად არ ვიზიარებ და ვერანაირი გაფიცვა ვერ გადამარწმუნებს,” – განუცხადა სტუდენტებს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, ვიგენ სარქისიანმა, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაზე მოულოდნელად მივიდა.

სომხეთში სტუდენტთა გაფიცვების პარალელურად გლობალური მილიტარიზაციის ინდექსი  გამოქვეყნდა.

ანგარიშის მიხედვით, სომხეთი მსოფლიოში მესამე ყველაზე მილიტარიზებული ქვეყანაა. სომხეთის სამხედრო დანახარჯები მშპ-სთან მიმართებაში 5,9%-ია, რაც მსოფლიოში ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოს – ისრაელის ხარჯებს უტოლდება.

განათლების სფეროში სომხეთის ხარჯები კი კვლავ მცირდება. სომხეთის მთავრობის განცხადებით, 2018-2020 წლებში განათლების ხარჯების მშპ-ს დაახლოებით 1,85% იქნება. სომხეთში განათლების ხარჯები მუდმივად მცირდებოდა, 2007 წელს კი  მშპ-ს დაახლოებით 15% იყო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთის მთავრობა ჯარს სტუდენტების ხარჯზე აკომპლექტებს. 2004 წელს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა და ამჟამინდელმა სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგისიანმა მსგავსი კანონპროექტი წარმოადგინა, მაგრამ ის არ დამტკიცებულა, რადგან მაშინაც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა სტუდენტების მხრიდან.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი