ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინმა ბიბილოვთან სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიტიურ როლზე ისაუბრა

14 ნოემბერი, 2017 •
პუტინმა ბიბილოვთან სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიტიურ როლზე ისაუბრა

“რუსეთი ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში უზრუნველყოს საიმედო უსაფრთხოება: როგორც სამხედრო, ისე სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო უსაფრთხოება”, –  ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანატოლი ბიბილოვთან ოფიციალურ შეხვედრაზე განაცხადა.

ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობითვე, პუტინმა განაცხადა, რომ “სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში საგრძნობლად გაუმჯობესდა, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვაც 48%-ით გაიზარდა”.

“ამის გათვალისწინებით, პუტინმა ბიბილოვს რესპუბლიკაში ახალი შესაძლებლობის განხილვა შესთავაზა. მათ შორის ისაუბრა სამხრეთ ოსეთში ახალ საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ მხარდაჭერაზე და შეღავათიან კრედიტებზე”, – წერს სააგენტო რეს-ი.

თავის მხრივ, ანატოლი ბიბილოვმა პუტინთან შეხვედრის დროს რუსულ მხარესთან უკვე ხელმოწერილ ორმხრივ შეთანხმებებზე და ახალ ხელშეკრულებებზეც ისაუბრა – მათ შორის ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჯანდაცვის სფეროში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სამედიცინო დაზღვევას ითვალისწინებს.

“ამჟამად ეკონომიკის განვითარებაზე ვართ ორიენტირებული. ეს არის როგორც ვაშლის ბაღების გაშენება, ასევე ხორცპროდუქციის წარმოება. ვავითარებთ სოციალურ სფეროსაც. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტს შევძლებთ რუსეთის ფედერაციის დახმარებით”, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა შეხვედრის დროს.

რუსული და ოსური მედიის ინფორმაციითვე, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე და იმ გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომლებსაც კოორდინირებულად უნდა უპასუხონ.

რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთი [ასევე, აფხაზეთი] დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. მას შემდეგ მხარეებმა, თითქმის, ყველა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გააფორმეს.

ვლადიმერ პუტინი, ანატოლი ბიბილოვი

მასალების გადაბეჭდვის წესი