ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრად პრემიერმა მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინა

13 ნოემბერი, 2017 •
ფინანსთა მინისტრად პრემიერმა მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინა

ფინანსთა მინისტრის თანამდებობას მამუკა ბახტაძე დაიკავებს, რომელიც ამჟამად “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორია. ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი განახლებული ეკონომიკის მინისტრი გახდება.

“მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება და აჩვენა კონკრეტული შედეგები „საქართველოს რკინიგზის“ მართვის პირობებში.  სწორედ ამ პერიოდში მოხდა საქართველოს რკინიგზის ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში, დაიწყო ყურის ქვეყნებისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე ძალიან აქტიური მუშაობა; მოხდა თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა და ახალი, თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა. მამუკა ბახტაძე გახლავთ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა INSEAD-ის ცნობილ ბიზნესსკოლაში, საფრანგეთში”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისი წარდგენისას.

მამუკა ბახტაძე დაიბადა 1982 წელს თბილიში,  დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ლომონოსოვის  სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს INSEAD-ის ბიზნეს-სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

ბახტაძე 2013 წლის გაზაფხულიდან დაინიშნა “საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორად. “თავისუფალი ზონის” ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილთან საკუთარმა შვილმა, უტა ივანიშვილმა გაუწია.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი