ახალი ამბები

საარჩევნო კამპანია დაიწყო

1 ივლისი, 2013 • 968
საარჩევნო კამპანია დაიწყო

საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის თანახმად, 1 ივლისიდან, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არჩევნების თარიღი დაასახელა, წინაასაარჩევნო კამპანია იწყება.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ლელა ტალიურის განმარტებით, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან კანონის წინაშე თანასწორი უფლებებით სარგებლობენ.


“ეს იმას ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამოქმედდება საარჩევნო კოდექსით დადგენილი სხვადასხვა სახის შეზღუდვა. მაგალითად, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომუნიკაციების საშუალებების გამოყენების აკრძალვა, საჯარო მოხელეების მონაწილეობის შეზღუდვა წინაასაარჩევნო აგიტაციაში, -მოსამართლეების, გენერალური აუდიტორის, პროკურატურის, სახალხო დამცველის. კამპანიის პერიოდში ამოქმედებას იწყებს რიგი შეზღუდვები, როგორიცაა სხვადასხვა პირების მონაწილეობა კამპანიაში; საჯარო მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელმოწერების შეგროვება. უშუალოდ ადმინისტრაციული რესურსების კუთხით მნიშვნელოვანია საბიუჯეტო თანხების გამოყენება, იკრძალება საბიუჯეტო თანხების გამოყენება სააგიტაციო მასალების დასამზადებლად, სოციალური რეკლამების გაშვება ბიუჯეტის თანხებით, რომელზეც გამოსახული იქნება საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ნომერი. იზრდება თვითმმართველობის როლი, რომელიც ვალდებულია წინასაარჩევნოდ სააგიტაციო მასალების გამოსაფენად დადგას სტენდები; ყველა სუბიექტს თანაბარი პირობები შეუქმნას, შენობათა ნუსხა შეადგინოს და არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას ამ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომელზეც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია. მთელი რიგი შეზღუდვებია მაუწყებელთან დაკავშირებით, როდესაც ფასიანი რეკლამა უფასოდ უნდა მიეთითოს; თუ განათავსებენ ფასიან რეკლამას მაუწყებლები, უნდა ამოქმედდეს ვალდებულება, რომ უფასო პოლიტიკური რეკლამაც განათავსონ. უნდა ამოქმედდეს, ასევე, must carry-ს პრინციპი,”- ამბობს ტალიური. 


კითხვაზე, “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს აქვს თუ არა განათლების მინისტრის პოსტზე დარჩენის უფლება, ტალიურის თქმით, კანონმდებლობა აღნიშნულ შეზღუდვას მას არ უწესებს. 

 

“მარგველაშვილს ვალდებულება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, არ აქვს. პირიქით, დაუშვებელია მისი თანამდებობიდან გადაყენება, თუ თავად მას არ აქვს ამის სურვილი. პრეზიდენტობის კანდიდატის შემთხვევაში არ არის ასეთ ჩანაწერი კანონში, განსხავებით პარლამენტის ან თვითმმართველობის კანდიდატებისგან, რომელთაც, ამ მხრივ, აქვთ გარკვეული შეუთავსებლობა.” 


ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, მუშაობა უკვე განაახლა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განკარგულებას, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, ხელი დღეს, 1 ივლისს მოაწერა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი