ახალი ამბები

ISFED – ოზურგეთში ტენდენციურია უბნებს გარეთ პოლიციისა და კოორდინატორების სიმრავლე

12 ნოემბერი, 2017 • 1300
ISFED – ოზურგეთში ტენდენციურია უბნებს გარეთ პოლიციისა და კოორდინატორების სიმრავლე

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) თქმით, ოზურგეთის ოლქში ტენდენციის სახით ფიქსირდება საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისა და პარტიული კოორდინატორების სიმრავლე, რაც ორგანიზაციის შეფასებით, ამომრჩევლის მხრიდან შესაძლოა აღქმული იქნას, როგორც ამომრჩევლის ნების კონტროლის მცდელობა.

ISFED-ის განცხადებით,  ეს ტენდენცია გამოკვეთილად შესამჩნევია ოზურგეთის #3, #4, #7, #8, #55 საარჩევნო უბნების მიმდებარედ. ორგანიზაციის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე მაღალია ოზურგეთის საარჩევნო ოლქში და 17 საათისთვის 47%-ს გადააჭარბა.

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩენვნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 13 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში – 12 საჩივარი, რომელთაგან ერთი კომისიამ უკვე განიხილა და არ დააკმაყოფილა. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 2 შენიშვნა.

რაც შეეხება სხვა დარღვევებს,  მარტვილის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე მისცა ხმა. #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა გამორჩა სიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი