სამუშიას განცხადებით, დოკუმენტების დიდ ნაწილს გრიფი იმის გამო დაედო, რომ გასაიდუმლებულიყო მერიის ფინანსური დარღვევები.
“დოკუმენტი, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს, შეუძლებელია განიხილოს სასამართლომ. სწორედ ამის გამო მერიაში უამრავი დოკუმენტი, მათ შორის, მშენებლობების ხარჯვითი ნაწილიც კი გასაიდუმლოებულია. ჩვენი ინფორმაციით, დარღვევების დიდი ნაწილი უგულავას მმართველობის პერიოდს ეხება. თუმცა დარღვევები მანამდეც იყო. ჩვენ მივმართეთ თბილისის მერიას და ვთხოვეთ გადმოეცათ 2006–2010 წლებში გასაიდუმლოებული დოკუმენტების ნუსხა, მათ ნუსხის გაცემაზეც კი უარი განგვიცხადეს, რაც სრულებით საჯარო ინფორმაციაა,” – განაცხადფა ჯაბა სამუშიამ.
მისი თქმით, მერიამ მათ ასევე უარი განუცხადა “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულების გამჟღავნებაზე. რაც ადასტურებს იმას, რომ მერიას რიგი დოკუმენტები უსაფუძვლოდ აქვს გასაიდუმლოებული.
სამუშიას თქმით, კანონის თანახმად, შესაძლებელია წელიწადში ერთხელ იმ დოკუმენტების გადახედვა, რომელთაც გრიფით საიდუმლო ადევს და იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ დოკუმენტი სახელმწიფოსთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, მას საიდუმლო გრიფი უნდა აეხსნას.