ახალი ამბები

50 ქალი საქართველოდან – პრეზენტაცია პარლამენტში

28 ივნისი, 2013 • • 2798
50 ქალი საქართველოდან – პრეზენტაცია პარლამენტში

პრეზენტაციაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ,  პროგრამის წარმომადგენლებმა პროექტზე და პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში ქალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრენ.

 

“ეს არის იმ 50 ქალის ისტორია, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში წვლილი შეიტანეს. აქ არიან ქართველი და უცხოელი ქალები, რომლებიც იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, ქალთა უფლებებისთვის, ახორციელებდნენ ცვლილებებს. ჩვენ გვინდა ამ პროექტით გავაცნოთ საზოგადოებას ქალები, ან შევახსენოთ მათ შესახებ, იმიტომ, რომ ბევრი მათგანი ვიცით, ბევრი მათგანი ვიცით სხვა კუთხით და ბევრ მათგანზე კარგი იქნება, რომ თავიდან გავიგოთ, გავიხსენოთ ისინი და გვახსოვდეს, რომ ასეთი აქტიური ქალები საქართველოში XIX-XX საუკუნეში ცხოვრობდნენ,” – ამბობს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთკავკასიული რეგიონალური ბიუროს პროგრამის კოორდინატორი ხათუნა სამნიძე.

სამნიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ისტორიების პარლამენტში წარმოდგენა სიმბოლურია:

 

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პრეზენტაცია ამ პროექტის შედეგების წარმოგვედგინა პარლამენტში. ვთვლით, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა და სიმბოლურად პრეზენტაცია გავმართეთ პარლამენტში იმისათვის, რომ პარლამენტარი ქალებისთვის კიდევ ერთხელ მოგვეწოდებინა აქტიურობისკენ, ასევე,  ქალების მხარდასაჭერად, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ჩართული პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც დემოკრატიული განვითარების საფუძველია.” 

 

“მე დარწმუნებული ვარ, ამ 50 ქალის სიას კიდევ ბევრი დაემატება. ამ ქალების სახელები ახალგაზრდებმა, მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ. ჩვენ გვეამაყება, რომ იგივე საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტში 1918 წელს ქალები იყვნენ აქტიურად წარმოდგენილი, თუ შევადარებთ იგივე პერიოდის სხვა ქვეყნებს, თუნდაც ევროპაში. საარჩევნო უფლება ქალებმა საქართველოში ბევრად ადრე მოიპოვეს, ვიდრე თუნდაც ზოგიერთ განვითარებულ, დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ ეს ტრადიცია გვაქვს. ქალებს და მამაკაცებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ყველა სფეროში და მათ შორის პოლიტიკაში. სამწუხაროდ, დღეს დისბალანსი არის. გენდერული თანასწორობისთვის, ქალების საჭიროებისთვის ბევრი რამ არის კანონმდებლობის დონეზეც გასაკეთებელი,” – ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. 

 

პროექტი “50 ქალი საქართველოდან” მოიცავს ქართველ და უცხოელ ქალებს, რომლებმაც საქართველო შეცვალეს. ამ ბარათებით 50 ქალი თავის ისტორიას ჰყვება – ზოგი ახალს ამბობს საკუთარ თავზე, ზოგიც თავს გახსენებთ. ისინი  XIX-XX საუკუნეების საქართველოში ცხოვრობდნენ და შრომობდნენ. მათ ბიოგრაფიებსა და ფოტოებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ სხვადასხვა მუზეუმებში, საოჯახო თუ სახელმწიფო არქივებში  მიაკვლია და შეკრიბა. 

50 ქალი საქართველოდან - პრეზენტაცია პარლამენტში
50 ქალი საქართველოდან – პრეზენტაცია პარლამენტში

მასალების გადაბეჭდვის წესი