ახალი ამბები

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის შეჩერების თაობაზე

28 ივნისი, 2013 • • 996
პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის შეჩერების თაობაზე

პარლამენტმა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონი მეორე მოსმენით  დაამტკიცა. 

 

კანონპროექტი 2015 წლის 1 იანვრამდე იმ ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს, რომელიც უცხოელისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვს სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მინიჭებას ეხება. 

 

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტი არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე უცხოელების საკუთრებაში არსებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. 

 

პლენარულ სხდომას არ ესწრებიან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებმაც თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავების გამო პოლიტიკური ბოიკოტი გამოაცხადეს. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 ივნისს  პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ, რომელიც ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია, ნეტგაზეთის” კითხვაზე, კანონით ვრცელდება თუ არა მორატორიუმი იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და ამავდროულად საქართველოს მოქალაქეობასაც ფლობენ, ასეთი პასუხი გასცა:

 

“თუ საქართველოში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეა, არ ეხება. თუ საქართველოს მოქალაქეა და წავიდა და ამერიკაში მიიღო მოქალაქეობა, იმან ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ხომ? თუ ამერიკელი მოქალაქეა და აქ პრეზიდენტმა მიანიჭა მას მეორადი მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეა, რა თქმა უნდა, და შეუძლია მიწის ყიდვა.” 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ორ წელიწადში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 8 458 პირს, მათ შორის უმრავლესობა – 6527 რუსეთზე მოდის. 2004-2011 წლებში საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 25 314 მოქალაქისთვის აქვს მინიჭებული ქვეყნის პრეზიდენტს, ანუ ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა სულ 33 772-მა პირმა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი