ზურაბ აბაშიძეს დეპუტატებმა კითხვები 6 თვის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე დაუსვეს. კერძოდ, საუბარი შეეხო სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენას, სავიზო რეჟიმის გამარტივებას, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებსა და სხვა საკითხებს.
“ჩვენ ვისაუბრეთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, 6 თვე გავიდა, რაც დიალოგი დავიწყეთ და პარლამენტს გაუჩნდა სურვილი, რომ გვესაუბრა იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა. გაკეთდა რამე, რა მიმართულებით, რა ხელშესახები შედეგებია და როგორი შეიძლება იყოს შემდეგი ეტაპი. რუსული ბაზარი გაიხსნა ჩვენი პროდუქციისათვის, ამ წლის ბოლომდე სადღაც 100 მილიონის პროდუქცია უნდა შევიდეს რუსულ ბაზარზე, ეს არ არის კოლოსალური თანხა, მაგრამ ეს არის ნამდვილი, ექსპორტით შემოსული თანხა. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაფართოვდება და უფრო წინ წავა. სატრანსპორტო კავშირების აღდგენა ხდება, როგორც საავტომობილო, ასევე საჰაერო, შესაბამისი უწყებები ერთმანეთთან კავშირში დეტალებს განიხილავენ, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება. საუბარია საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის ვიზების შემსუბუქებაზე. არის გარკვეული პოზიტივი ამ თვალსაზრისით,”- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, რუსეთის წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრას ძალიან უარყოფითი ფონი ჰქონდა:
“სამწუხაროდ, ჩვენს ბოლო შეხვედრას ძალიან უარყოფითი ფონი შეექმნა იმის გამო, რაც ხდება, აი, ამ ადმინისტრაციულ საზღვრებზე. ეს პროცესი გრძელდება, ეს ნამდვილად ხელს არ უწყობს არანაირ დიალოგს, მაგრამ ჩვენ თავიდანვე ვთქვით და ახლაც ხაზგასმით ვამბობ, რომ რუსეთთან დიალოგი არ იქნება მარტივი და ხანმოკლე პროცესი, ეს არის რთული, წინააღმდეგობით აღსვსე. იმდენად ღრმად ვართ ჩვენ შესული ჩიხში და მოჯადოებულ წრეებში, რომ იქიდან გამოსავლის ძიება ძალიან რთულია. ჩიხში შესვლა იოლია და გამოსვლა იკითხე.”
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკება ერთადერთი გზაა ურთიერთობის დასარეგულირებლად:
“ფაქტიურად, ყველა საკითხი, რომელიც აინტერესებდა საზოგადოებას, პასუხები მიიღო. ეს ფორმატი არ არის პოლიტიკური სპეკულაციებით, აბსოლუტურად პრაქტიკული საქმიანობით არის დაკავებული. როცა მოლაპარაკების მაგიდასთან ზიხარ, ნაკლებად მოსალოდნელია აგრესია. მე არ გამოვრიცხავ ამ აგრესიას გარკვეული გარე თუ შიდა პირობების გათვალისწინებით, ამიტომ მოლაპარაკება ერთადერთი გაზაა..”