პარლამენტის ვიცე-სპიეკრი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ამ ქმედებით “ნაციონალური მოძრაობა” აღიარებს იმას, რომ მერიაც და გამგეობებიც მათი სტრუქტურებია:
“საპარლამენტო ცხოვრებაში ბოიკოტიც პოლიტიკური ბრძოლის ფორმაა და თუ ეს ფორმა არჩიეს, ეს მათი უფლებაა, ვერ ავუკრძალავთ ასეთ რეჟიმში ყოფნას, თავისთავად. ისინი თვლიან, რომ მერიის რამდენიმე თანამშრომელს, გინდაც გამგეობის თანამშრომელს, თუკი დაკითხვაზე დაიბარებენ და გამოძიება დაიწყება, ეს არის მათთვის “ნაციონალური მოძრაობის” დევნა, ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინ ისინი აღიარებენ იმას, რომ მერიაც, გამგეობებიც, ეს ყოფილა “ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურები. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. როდესაც საუბარია 50 მილიონ ლარზე, რომელიც არამიზნობრივად იქნა გახარჯული, მე არ მესმის მათი ლოგიკა, როგორ შეიძლება გამოძიება არ მიმდინარეობდეს, როგორ შეიძლება ხალხი არ იკითხებოდეს და არ დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. როგორც ჩანს, მათი მესიჯი არის ის, რომ ჩვენ თავი უნდა დავანებოთ გამოძიებას, ჩვენ უნდა ვაპატიოთ თურმე ბიუჯეტის ფულის მითვისებაც და არავის პასუხი არ უნდა ვაგებინოთ იმიტომ, რომ თურმე ისინი არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. ეს მიდგომა არის სრულიად გაუგებარი, საზოგადოება ითხოვს ასეთი საქმეების დაჩქარებული ტემპით განხილვას.”
მისივე თქმით, თუ სახეზე პროცედურული დარღვევაა, დაზარალებულებს შეუძლიათ სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ:
“თუ საქმე გვქონდა ჩვენ პროცედურულ დარღვევებთან, თუ რომელიმე პირის, მოწმე იქნება ის თუ ბრალდებული, საპროცესო უფლება დაირღვა, ამისთვის არსებობენ ადვოკატები, ამისთვისაა სახალხო დამცველი, ამისთვისაა სასამართლო და ისინი სამართლებრივ შეფასებას მისცემენ.”
პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური საპარლამენტო უმცირესობის ბოიკოტს პრეზიდენტის ვეტოს ადარებს:
“მით უმეტეს, თუ ზეწოლა მიმდინარეობს, ასეთ შემთხვევაში უფრო ლოგიკას მოკლებულია მათი განცხადება. როგორც პრეზინდენტის ვეტოს მიეჩვია პარლამენტი, ახლა ნაციონალების ბოიკოტს მივეჩვევით. რაიმე ახალი და მოულოდნელი მათ განცხადებაში არ არის. მე ვისურვებდი, რომ მათ გააგრძელონ საკანონმდებლო ორგანოში მათი საქმიანობა და გამოიყენონ პოლიტიკური პროცესების აქტიურად წარმართვისთვის.”
ძიძიგური მიიჩნევს, რომ მერიის თანამშრომლების დაკავება აშკარად არ იყო პროცედურულად გამართულად და კარგად გაკეთებული:
“პროცედურული კითხვები არის, რა თქმა უნდა, და ამაზე უნდა მიმართონ ადვოკატებს. სასამართლო არის თავისუფალი, ეს იმდენად კარგ სიტუაციაში გვაყენებს ჩვენ, რომ ახლა თვითგვემას ვერ დავიწყებ. რაღაც აშკარად არ იყო პროცედურულად გამართულად და კარგად გაკეთებული, მაგრამ დღეს სასამართლო, არავის არ მოუბრუნდება ენა, რომ თქვას, არის გავლენის ქვეშო.”