საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ პარლამენტი ქუთაისში, არსებულ შენობაში ფაქტობრივად შეჭრილია:
“სამართლებრივი ნონსენსია ის, რომ საქართველოს პარლამენტი, ფაქტობრივად, შემოჭრილ მდგომარეობაშია დღეს ამ შენობაში და ჩვენ არ გვაქვს არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ეს შენობა გადაეცა საქართველოს პარლამენტს. ვფიქრობთ, რომ სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი ეს საკითხები. მე აბსოლუტურად ვეთანხმები კომიტეტის დასკვნას, რომ პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, რამდენად ხარისხიანად არის აშენებული ეს შენობა და რამდენად სწორად დაიხარჯა ის სახსრები, რომლებიც სააკაშვილმა ერთ-ერთ თავის მეგობარ კომპანიას გადასცა მშენებლობისთვის. დეველოდოთ, რას იტყვის პროკურატურა.”
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია აცხადებს, რომ თავის დროზე საქმე პროკურატურას მანაც გადაუგზავნა:
“დეპუტატებს წარვუდგინე ანგარიში. იყო შეკითხვა, როგორ მოხდა თანხების მოძიება და მშენებლობის პროცესში ამ თანხების განკარგვა. ეს საკითხები კანონთან შესაბამისობაშია, თუმცა არის კითხვის ნიშნები, რამდენად იყო რეალისტური ის თანხები, რომლებიც დახარჯულია, რადგან ჩვენ ხარჯთაღრიცხვა ვერ მოვიპოვეთ. საქმე სამართლებრივი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცა. ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც შეეხებოდა ნებართვის გაცემას. ნებართვა არ არსებობს, არ არის გაცემული ამ შენობაზე, რომელიც თავის მოცულობით მეხუთე კატეგორიის შენობაა და აუცილებლად უნდა ყოფილიყო.”
საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე ამბობს, რომ პრობლემის მოგვარება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი:
“ყველა პრობლემა და მოარული ხმები ამ შენობასთან დაკავშირებით არ მომდინარეობს შენობის პროექტიდან, მისი მდგრადობიდან ან კონსტრუქციიდან, ეს პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებულია მის ადგილმდებარეობასთან – ქუთაისთან და დაკავშირებულია მის შემკვეთთან – მიხეილ სააკაშვილთან და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებასთან. რაც შეეხება ნებართვის გაცემას, ეს არის მეხუთე კატეგორიის შენობა და ამაზე ნებართვის გაცემის უფლების მქონე არ იყო თვითმმართველობა, მაგრამ ეს ყველაფერი არის მეათეხარისხოვანი. შენობა აქ არის, თავისი კონსტრუქციით, თავისი მდგრადობით, არამდგრადობით, რისი გარკვეული ინსპექტირება არის მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე კვირის საქმე და თუკი ხელისუფლებას გააჩნია მზაობა იმისა, რომ ეს მუდმივი ჭორები და ინსინუაციები ამ შენობასთან დაკავშირებით იქნას დასრულებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმეკვირიანი გულმოდგინე მუშაობის საქმეა.”
მისივე თქმით, “არა ამ პრობლემებიდან გამოსვლა არის თვითმიზანი მთელი ამ ვაკხანალიის, რომელიც არის ატეხილი, არამედ ერთგვარად მანიპულირება იმაზე, რომ ეს შენობა არ არის მდგრადი, მეტეორების წვიმაა მოსალოდნელი, რადიაციული ფონია მაღალი და ზოგადად, ქუთაისში არ უნდა იყოს პარლამენტი.”