საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ეს ქმედება პირდაპირი თავდასხმაა “ნაციონალურ მოძრაობაზე:
“ის, რაც მოხდა, არის სრულიად შემაშფოთებელი, ქალაქის თითქმის ყველა მმართველი რგოლის, როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობის, ასევე პარტიული ორგანიზაციებზე მოხდა პირდაპირი თავდასხმა. 30 კაცამდე იქნა დაკავებული და მიყვანილი განყოფილებაში. მერე უკვე იყო შებრუნებუნებული, გადასხვაფერებული პოზიცია, რომ თითქოს ისინი მიიყვანეს მოწმის სახით. მოწმეებს ასე არ იბარებენ, მით უმეტეს, მოწმეეებს, რომლებიც არაერთხელ იყვნენ დაკითხვაზე. ამიტომ ეს არის სრულიად შემაშფოთებელი ფაქტი და ეს არის უბრალოდ სრულიად ვანდალური თავდასხმა ოპოზიციაზე და ეს მეტყველებს იმ არანორმალურ გარემოზე, რომელშიც თანდათანობით შედის ქართული სახელმწიფო.”
რატიანი ყურადღებას ნატოს დელეგაციის ვიზიტზე ამახვილებს და ამბობს, რომ სახელმწიფო საკუთარ პოლიტიკურ გზავნილებთან მოდის წინააღმდეგობაში:
“პირველად იყო, ასევე, სრულიად არაადეკვატური დაკავება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსის და მაშინ უბრალოდ ჩაიშალა ნატოს სამხედრო დელეგაციის ვიზიტი. დღეს რასმუსენი არის ჩამოსული და ხდება დასავლური სახელმწიფოსათვის სრულიად არაადეკვატური რამე. ეს რაღაცნაირად არის პოლიტიკური გზავნილი იმის საწინააღმდეგოდ, რის დეკლარირებასაც აკეთებს სახელმწიფო.”
უმცირესობის კიდევ ერთი წევრი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ საქმე ტიპურ სპეცოპერაციასთან გვაქვს:
“მოწმის სახით დაკითხვაზე მოგდის უწყება, მიდიხარ და ჩვეულებრივად გკითხავენ. აქ იყო გააზრებული სპეცოპერაცია ჩატარებული და აქ, როგორც ჩანს, მიზანი არ იყო მოწმედ დაკითხვა, ეს ფაქტობრივად ასეა იმიტომ, რომ, როგორც კი შეიცვალა სიტუაცია, იმწუთშივე თქვეს, რომ იცით, ჩვენ მოწმედ დავიბარეთ და გაავრცელეს კიდეც განცხადება. ვინ არიან ეს ადამიანები? თბილისის მერის 2 მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საკრებულოს წევრები და ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ “ნაციონალურ მოძრაობასთან. ჩვენ გვაქვს ეჭვი,რომ აქ არის იერში მიტანილი არა მარტო მერიაზე, არამედ პარტიულ ორგანიზაციაზე.”
მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებამ “ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დაისახა მიზნად:
“როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ოპოზიცია, ამ ფორმით უნდა განადგურდეს და თბილისში ამიტომ მიიტანეს ეს შეტევა.”
მაჭავარიანის თქმით, სახეზეა ადამიანების უკანონოდ დაკავების ფაქტი:
“თუ ეს ადამიანები დააკავეს უკანონოდ და მათზე არ იყო გაცემული დაკავების სანქცია, ეს ნიშნავს, რომ ისინი უკანონო პატიმრები არიან და ვინც ეს გააკეთა, ისინი პასუხისგებაში მიეცნენ. გვინდა გავარკვიოთ, ეს იყო დაგეგმილი, შეცდომა იყო ვიღაცის, თუ ეს იყო რაღაც გაუგებრობა, მაგრამ გაუგებრობა სისხლის სამართლის დანაშაულით, იმიტომ, რომ ეს ადამიანები მინიმუმ 2 საათი იყვნენ უკანონოდ დაკავებული, მათ არ წარუდგინეს, რომ ისინი არიან დაკავებული, მათ წარუდგინეს, რომ ისინი არიან მოწმეები. ის ოპერატიული თანამშრომლები, ვინც ამაში ღებულობდნენ მონაწილეობას, დღეს პოტენციურად არიან დამნაშავეები.”