ბათუმში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, მრავალწლოვან ხეებს თხრიან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად.
ხეების გადატანაზე, როგორც ადგილზე გვითხრეს, თბილისური კომპანია მუშაობს: „ეს ერთი მაგნოლიის ხე გადაგვაქვს კერძო საკუთრებიდან. ჩვენ მხოლოდ გადატანაზე ვმუშაობთ და სამუშაოები როცა დავიწყეთ, ხე უკვე შესყიდული იყო. დენდროლოგიურ პარკში გადაგვაქვს“.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით კი, ამ ადგილიდან სამი ძირი ხე გააქვთ: „სამი ძირი ხე მიაქვთ. ვისაც ნაკვეთი საკუთრებაში არ ჰქონდა დარეგისტრირებული, მგონი, 5 000-ს უხდიან. ლარს თუ დოლარს, არ ვიცი. ვისაც საკუთრებაში ჰქონდა, იმას უფრო მეტს. ადრე ეს ტერიტორია, სადაც ხეებს თხრიან, ყოფილ მეურნეობას ეკუთვნოდა.“
მაგნოლიის მრავალწლოვანი ხე გადასატანად თითქმის მზადაა. მუშების თქმით, ხეს დაახლოებით 10 დღეშში გაიტანენ.
მაგნოლიიდან რამდენიმე მეტრში კი გზა სხვა სახეობის ხეებთანაც არის მიყვანილი. ხეებს გაშიშვლებული ფესვები შეხვეული აქვს.
ხეს ამჯერადაც ზღვით გაიტანენ, რისთვისაც პლაჟზე კეთდება დროებითი ნავმისადგომი. დროებითი გადასასვლელი ეწყობა რკინიგზაზეც.
აჭარიდან ხეების გადატანა სოფელ შეკვეთილში, სადაც ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პარკს აშენებს, 2016 წელს დაიწყო. ეს პარკი ივანიშვილის საკუთრებაა.
ამავე თემაზე: