მწვანე კონცხზე ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია საბაგირო გზას მოაწყობს

ბათუმში, მწვანე კონცხზე, მშენებარე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსის პროექტის ფარგლებში ღია სავარძლიანი საბაგირო გზა მოეწყობა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი ავრცელებს. ეს ფონდი თავის მხრვი შექმნილი აქვს თანაინვესტირების ფონდს.  საბაგირო გზა ახალ კომპლექსს პლაჟთან დააკავშირებს.

„25 წელზე მეტია, რაც მწვანე კონცხზე 80-იან წლებში მოწყობილი ღია სავარძლიანი საბაგირო გზა დანგრეულია და აღარ ფუნქციონირებს. ჩვენი კომპლექსის ფარგლებში,  უმაღლესი სტანდარტის გერმანული კომპანია დოპელმაიერის მიერ მოეწყობა ახალი, საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზა, რომლის გამტარობაც დღეში 5000 ადამიანი იქნება და ნებისმიერი მსურველი ზღვიდან, რამდენიმე წუთში აღმოჩნდება მწვანე კონცხზე. საბაგიროს განვითარების ფარგლებში ქვედა სადგურის მიმდებარედ მოეწყობა კაფე-რესტორანი და საცუარაო აუზი“, – აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.

ახალი საბაგირო გზის ქვედა სადგურის ტერიტორია, ფაქტობრივად, ძველი სადგურის ადგილზე იქნება. სადგურის და მისი მიმდებარე ტერიტორია კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტმა“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით მოითხოვა აჭარის მთავრობისგან,  2,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. კომპანია აჭარის მთავრობას მწვანე კონცხზე 6 346 კვ/მ პლაჟსაც თხოვს 49 წლის ვადით, უსასყიდლოდ, მისი დასუფთავების, მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ქვედა სადგურისა“ და მიმდებარე ტერიტორიები, ასევე პლაჟი, „ბიზნეს დეველოპმენტის“ საკუთრებაში ამ დროისთვის არ არის.

ტურიზმის განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ „პროექტისთვის საჭირო მიწის ფართობი კომპანიამ შეიძინა საბაზრო ფასად, კომპლექსის მიმდებარე სანაპირო ზოლი, როგორც დაგეგმილი იყო, იქნება ღია და საზოგადოებრივი დანიშნულების“.

„ბიზნეს დეველოპმენტმა“ ამ დროისთვის, მთლიანობაში, მწვანე კონცხზე სახელმწიფოსგან 48 047 კვ/მ მიწის ფართობი შეისყიდა და აპირებს იყიდოს 7 294 კვ/მ მიწის ნაკვეთიც, რაზედაც სახელმწიფო თანახმაა.

მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი კერძო პირისგან იყიდა შპს „ურეკი რეზიდენსმაც“, რომლის 100% წილის მფლობელი ბერა ივანიშვილია.

„ბიზნეს დეველოპმენტს“ მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექს „მაგნოლიას“ მშენებლობა ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ადგილზე, უკვე დაწყებული აქვს. დასასვენებელი კომპლექსის  [Magnolia – Resort & SPA] პროექტის ინიციატორი და ინვესტორი კი ბიძინა ივანიშვილია.

საინფორმაციო დაფა მწვანე კონცხზე – მანანა ქველიაშვილი ფოტო

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში განაცხადეს, რომ „ეს და სხვა პროექტები მათთან ერთიანდება და თავად ახორციელებენ“. ფონდმა თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში 680 მილიონი დოლარის ღირებულების 8 მასშტაბური პროექტი უნდა განახორციელოს.

„ამჟამად ხორციელდება 8 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 680 მილიონ დოლარს აჭარბებს. რვავე პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და მათში ჯამურად უკვე ინვესტირებულია 400 მლნ ლარზე მეტი. ამ მასშტაბური პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ჯამურად საქმდება 20 000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ დასაქმებულთა რიცხვი რამდენიმე ათასს გაუტოლდება“, – აცხადებენ ფონდში.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, როგორც შვილობილი, თანაინვესტირების ფონდმა შექმნა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წლის სექტემბერში. შპს „ბიზნეს დეველოპმენტის“ 100% წილის მფლობელი კი „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია“.

ძველი საბაგირო გზა მწვანე კონცხზე / თორნიკე თავაძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com