ახალი ამბები

გუდიაშვილის მოედანზე ერთ–ერთი შენობა ჩამოინგრა

26 ივნისი, 2013 •
გუდიაშვილის მოედანზე ერთ–ერთი შენობა ჩამოინგრა

“ზუსტი მისამართი ამ ადგილის არის გუდიაშვილის 7/2, აქ სამი ოჯახი იყო დარჩენილი, რომელიც არ გავიდა და ამდენად, მთლიანად ეს ტერიტორია განვითარების ფონდის საკუთრებაში არ არის, მაგრამ თვითონ შენობის ნახევარი ფლიგელი რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს ეკუთვნის. შენობის იმ მხარეს, რომელიც ჩამოინგრა, მოსახლეობა არ ცხოვრობს. კონკრეტული მიზეზი, რამ გამოიწვია ჩამონგრევა, ცნობილი არ არის, მაგრამ მიზეზი არის ის, რომ ამ წლების განმავლობაში სრულიად შეგნებულად ჭიანურდება ამ ტერიტორიის რეაბილიტაციის პროცესი”, – განაცხადა ცირა ელისაშვილმა.

 

მისივე თქმით, ის იმყოფებოდა ადგილზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს:

 

“მე მოსახლეობას ველაპარაკე, მათთან მივიდნენ მხოლოდ გამგეობის წევრები და უთხრეს, რომ ქირით გაიყვანდნენ, რაც შეეხება თავად ფონდის წარმომადგენლებს, ისინი ადგილზე არ ყოფილან, მე ვერ შევძელი დავკავშირებოდი ფონდის მთავარი არქიტექტორს, ჩვენ ვაპირებთ ამ დღეებში ფონდთან შეხვედრას და შემდეგ უკვე კონკრეტულად გზების დასახვას”, – განაცხადა ცირა ელისაშვილმა.

 

გუდიაშვილის მოედანზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები “თბილისის განვითარების ფონდისა” და “ირაო მაგნატ გუდიაშვილს” შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად აღნიშნულ ინვესტორს უნდა განეხორციელებინა. მოედნის გადარჩენის მოთხოვნით გუდიაშვილის სკვერში არაერთი აქცია გაიმართა. ბოლო ინფორმაციით, ინვესტორსა და განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულება შეწყდა. თბილისის განვითარების ფონდის წერილის თანახმად, მთელი უძრავი ქონება, რომლის რეაბილიტაციაც ინვესტორს ეკისრებოდა, დაბრუნდა “თბილისის განვითარების ფონდის” საკუთრებაში და სამომავლოდ ეს უკანასკნელი მოახდენს აღნიშნული შენობების რესტავრაციას, თუმცა მოედნის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა.

 

გუდიაშვილის მოედანზე ჩამონგრეული შენობა/ ფოტო: ცირა ელისაშვილი,
გუდიაშვილის მოედანზე ჩამონგრეული შენობა/ ფოტო: ცირა ელისაშვილი, ‘ტფილისის ჰამქარი’

მასალების გადაბეჭდვის წესი