ექსცენტრულობით ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსის, კიევის ყოფილი მერისა და მილიონერი ბიზნესმენის ლეონიდ ჩერნოვეცკის ვილის მშენებლობა ქობულეთში დასასრულს უახლოვდება. ამ ვილის შესახებ კიევის ყოფილმა მერმა უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ ეს იქნებოდა “ჰაიტექის” სტილში აგებული ვილა, რომლის სამშენებლო მასალის 40 პროცენტი მინა იქნებოდა.

 

ლეონიდ ჩერნოვეცკის ვილა ბეტონის მაღალი ღობითაა შემოსაზღვრული და ვიდეოთვალითა და დაცვის სამსახურითაა
დაცული.

 

“ობიექტზე უცხო პირების შესვლა აკრძალულია”, – გვეუბნება დაცვის წევრი. იგი ამბობს, რომ მშენებლობის შესახებ ინფორმაციის გაცემაც აკრძალული აქვთ. სახლს ირგვლივ წიწვოვანი ხეები აკრავს, ერთი მხრიდან კი ზღვა ესაზღვრება. მშენებარე ვილა ზღვიდან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული – ეს ქობულეთში ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული ადგილია.

კიევის ყოფილი მერის ვილა ქობულეთში
კიევის ყოფილი მერის ვილა ქობულეთში

 

ვილა ორსართულიანია. ნაგებობა ნახევრად მინისაა და თანამედროვე კონსტრუქციებითაა აგებული. ადგილზე დასაქმებულები მშენებლობის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა გარკვეული ინფორმაციის მიღება ობიექტზე დასაქმებულებისგან მაინც შევძელით. აქ ამბობენ, რომ ობიექტზე ამჟამად ასამდე პირია დასაქმებული. სამშებელო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “ანაგი” ასრულებს, ხოლო მშენებლობის პროცესს იტალიელი და ესპანელი სპეციალისტები ზედამხედველობენ.

 

“ისინი ყველა დეტალს აკონტროლებენ” – გვითხრა ერთ-ერთმა დასაქმებულმა. რესპონდენტი ამბობს, რომ პროექტი ძალიან ლამაზი და ძვირადღირებულია, “ეს ისეთი ლამაზი იქნება, მთელ ბათუმში მსგავსი რამ არ მინახავს”.

 

სახლი ორსართულიანია და ყველა სართულზე საცურაო აუზებია განთავსებული. პირველი სართული დამხმარე პერსონალისთვის იქნება განკუთვნილი (მზარეული, მებაღე, დამლაგებლები და დაცვა). თუმცა სახლს სხვა დამხმარე ნაგებობებიც ექნება. აქ ამბობენ, რომ კიევის ყოფილ მერს ძალიან უყვარს წყალი, “ამიტომ სახლში ბევრი ჯაკუზია. საცურაო აუზები ყველა სართულზეა განთავსებული”.

 

დიდი ნაწილი დაეთმობა გამწვანებას, ბაღის განაშენიანებაზეც უცხოელები იმუშავებენ. კიევის ყოფილ მერს მეზობლები არ ჰყავს. საცხოვრებელი სახლის ირგვლივ დასახლებული პუნქტი არ არის, მხოლოდ ზღვის ზოლი და ფიჭვნარია. მოპირდაპირე მხარეს კი, მოშორებით, სამი სასტუმრო შენდება. ეს სასტუმროები განლაგებულია ე.წ. ტურისტულ ზონაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთის ტურისტულ ზონად ორი წლის წინ გამოაცხადა.

 

ქობულეთში ამბობენ, რომ კიევის ყოფილი მერი უშუალოდ არ უნახავთ, თუმცა არაერთხელ დაუნახავთ ვერტმფრენი, რომელიც ზღვის ნაპირას, მშენებლობის გვერდით დამჯდარა.

 

“მე არ შევხვედრივარ მას, მაგრამ როცა მიკითხავს დაცვის ბიჭებისთვის, ვინ მოვიდა-მეთქი, უთქვამთ მეპატრონეო”, – გვეუბნება მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი პირი. რესპონდენტი ამბობს, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი საკუთარი მშენებარე ვილის სანახავად ბოლოს ერთი თვის წინ გამოჩნდა.

 

კიევის ყოფილი მერი საკუთარი ვილის დასრულებამდე თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად ხუთვარსკვლავიან სასტუმროში “ჯორჯია პალასში” ჩერდება, რომელიც ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ეკუთვნის. “ჯორჯია პალასში” სტუმრების შესახებ ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია, თუმცა სასტუმროს დაცვის ერთ-ერთმა წევრმა დაგვიდასტურა, რომ ყოფილი მერი აქ ხშირი სტუმარია.

 

“მისი მანქანები ახლაც აქ დგას” – გვითხრა მან – “როცა აქ არის, სულ ზღვაზეა, ძალიან უყვარს ცურვა”.

 

ამჟამად ობიექტს “ანაგის” დაცვა უზრუნველყოფს, თუმცა უკვე დაწყებულია მოსამსახურე პერსონალის შერჩევა. ტესტირებებსაც უცხოელები ხელმძღვანელობენ.

 

“მეც მაქვს დასაქმებაზე განცხადება შეტანილი. ახლა დაცვის წევრების შერჩევა მიმდინარეობს” – გვეუბნება რესპონდენტი.
იგი ამბობს, რომ აქ ანაზღაურება მაღალია, თვეში 1000 ლარი. თავად კი აქ სამი თვეა, რაც მუშაობს.

 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მიწა, სადაც კიევის ყოფილი მერი ვილას აშენებს, 2011 წლის მაისში შპს “ლუგამინო ჰოლდინგ ლიმითედმა” 1 500 000 დოლარად იყიდა. კომპანია უცხოეთშია რეგისტრირებული.

კიევის ყოფილი მერის ვილა ქობულეთში
კიევის ყოფილი მერის ვილა ქობულეთში

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *