ახალი ამბები

კობახიძე “ნაციონალებს”: წადით პოლიტიკიდან

26 ივნისი, 2013 •
კობახიძე “ნაციონალებს”: წადით პოლიტიკიდან

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ადამიანების წამებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა  “ნაციონალურ მოძრაობას” ეკისრება:

“ნაციონალურ მოძრაობას” ეკისრება პოლიტიკური პასუხიმგებლობა, როგორც საზოგადოების, ასევე, დაზარალებულების მიმართ. პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ეფექტური გამოძიება ჩატარდეს. სწორედ ამიტომ, უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენს, თუ რა ხდებოდა, რადგან აღარ განმეორდეს ასეთი ფაქტები”.

 

“თუ მართლა გაწუხებთ ეს საქმე, რომ ადამიანებს აწამებდნენ, უნდა თქვათ, რომ ემიჯნებით “ნაციონალურ-სადისტურ მოძრაობას”. ეს სახელი თქვენ საზოგადოებამ შეგარქვათ”, – მიმართა საპარლამენტო უმცირესობას დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ უმრავლესობიდან.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოკა გაბაშვილის თქმით, წამების ფაქტებზე წინა ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა:

 

“ყველა ადამიანი, რომელიც დანაშაულში მონაწილეობდა, ყველა, ვინც ორგანიზებას უწევდა  დანაშაულს, ყველა, ვინც იცოდა და არ ამხელდა, უნდა იყოს გამოვლენილი და დასჯილი. არ მგონია, არსებობდეს ნორმალური, ჯანსაღი, ფსიქიკურად დალაგებული ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს და მიიჩნევს, რომ ვინმეს შეიძლება ეს დანაშაული ეპატიოს. ყველა უნდა დაისაჯოს, მიუხედავად მათი თანამდებობებისა და სახელისა და გვარისა.”

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკიდან წასვლა მოუწოდა: 

“თუ თქვენ რაიმე პასუხისმგებლობას გრძნობთ, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. სააკაშვილი ამბობს, რომ ამას ორი ადამიანი აკეთებდა, მერაბიშვილი ფეისბუქით ბოდიშებს გვიხდის. თუმცა, ორივემ და თქვენ ყველამ კარგად იცოდით, რომ ხდებოდა სისტემური დანაშაული. მხოლოდ გირგვლიანის საქმეა საკმარისი იმისთვის, რომ გაგეზიარებინათ, რა სისტემას აშენებდით. რატომ არ დასვით ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი? თქვენ განაჩენი გამოგიტანათ ევროპის სასამართლომ. სად არის ღვინიაშვილი? როლანდ ახალაია? დავით საყვარელიძე?  “მოქალაქეთა კავშირს” უფრო დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჰქონია, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას”. მათ დაიხურეს ქუდი და წავიდნენ, თქვენ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატს ასახელებთ, საპრეზიდენტო კამპანიის ჩატარებას აპირებთ და მოუყევით ხალხს, როგორ აწამებდით ადამიანებს, ხოლო მერაბიშვილს ტელევიზორი შეუტანეთ და  ეს ყველაფერი აყურებინეთ .”

მასალების გადაბეჭდვის წესი