ახალი ამბები

ფანჯიკიძე: საზღვარგარეთ ჩვენი არც ერთი წარმომადგენლობა არ დაიხურება

26 ივნისი, 2013 • 1445
ფანჯიკიძე: საზღვარგარეთ ჩვენი არც ერთი წარმომადგენლობა არ დაიხურება

“საქართველოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს 61 წარმომადგენლობა, აქედან არის რამდენიმე გენერალური საკონსულო. არც ერთი წარმომადგენლობა არ დაიხურება, მიმდინარეობს რეორგანიზაცია სამინისტროს დანაყოფებს შორის. ეს არის ბუნებრივი პროცესი. ჩვენ გვაქვს გარკვეული ბიუჯეტი, რომელიც უნდა მოვარგოთ ჩვენს მოთხოვნილებებს. უკრაინაში, ჯამში, მუშაობს 13 დიპლომატი, რაც არის ძალიან დიდი რაოდენობა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, საერთოდ 61 წარმომადგენლიბა არის ძალიან სოლიდური რაოდენობა. ჩვენ ფაქტიურად მთელ მსოფლიოს ვფარავთ”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო

მისივე თქმით, თუკი წინა ხელისუფლების დროს დაგეგმილი იყო ფრანკფურტში საკონსულოს გახსნა, ახალი ხელისუფლების პირობებში გადაწყდა, რომ ისეთ დიდი ქვეყანაში, როგორიცაა გერმანია, ფრანკფურტში გენერალური საკონსულოთი უნდა იყოს წარმოდგენილი:

 

“იმ წარმომადგენლობის რანგი ჩვენ ავწიეთ, რომელსაც ვხსნიდით ფრანკფურტში. ამ ფონზე შეიძლება ზოგიერთი წარმომადგენლობის რანგის დაწევა მოგვიწიოს. ეს არის პრაქტიკა, რომელსაც ბევრი ქვეყანა ახორციელებს”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

მინისტრის თქმით, იგეგმება ახალი საელჩოების გახსნა, ასევ,ე მან მცირე შენიშვნა გააკეთა პრეზიდენტის პრეს–სპიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით:

 

“გენერალურ კონსულს თანამდებობაზე ნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრი და ათავისუფლებს საგარეო საქმეთა მინისტრი და არა პრეზიდენტი, როგორც ეს პრეზიდენტმა თუ მისმა პრეს–სპიკერმა განაცხადა”, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ვიცე-პრემიერთან, ალექსანდრე ვილკულთან შეხვედრის დროს საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

 

შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილი დონეცკსა და ოდესაში საქართველოს გენერალური საკონსულოებისთვის კლასის დაწევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას შეეხო და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელი და გაუმართლებელია.

 

“ეხლა არის დრო ამის? ვინ მიიღო ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება. იქნებ ჩემთვის ეკითხათ, და მე მოვხსნიდი, რას გავს ეს? ე.ი გენერალურ საკონსულოს აუქმებ იმის გამო, რომ ჯინში ჩამიდგეს ვინმე? მთავარ სტრაეტეგიულ პარტნორთან დონეს ვადაბლებთ? ეს არის უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ასეთი რამე არსად წამიკითხავს მე. დღეს ჰაერივით გვჭირდება უკრაინასთან ურთიერთობა. მინდა ყველამ გაიგოს, ეს არის ის სტილი, რომელიც ასუსტებს სახემწიფოებრიობას. ძალიან ვწუხვარ,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი