ახალი ამბები

გვენეტაძის თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან ძალადობისა და ზეწოლის მსხვერპლია

6 ნოემბერი, 2017 • 2732
გვენეტაძის თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან ძალადობისა და ზეწოლის მსხვერპლია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძესა და საბჭოს წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, თავმჯდომარემ მოსამართლე წევრები მასზე ზეწოლასა და ძალადობაში დაადანაშაულა.

სხდომის დასასრულს კამათი მოჰყვა მომდევნო რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის თარიღის. საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, რიგგარეშე სხდომა უნდა ჩანიშნულიყო ოთხშაბათს, 8 ნოემბერს, 6 საათზე, და განეხილთ ინსპექტორის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ უნდა გადახედოს საკუთარ გრაფიკს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის დანიშვნის შესახებ. ინსპექტორის საკითხი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში შატანილი არ ყოფილა.

“საბჭოს მიერ დღეს ჩემდამი მიმდინარეობს განსაკუთრებული ზეწოლა ბატონი მდივნისა და წევრების წარმომადგენლობით. ბატონი მდივანი მე დღეს მაიძულებს,  რომ მივცე თანხმობა იმ სამუშაო გრაფიკზე, რაც ჩემს სამუშაო გრაფიკთან ჯერ შეჯერებული არ მაქვს და მთხოვს  გადაწყვეტილებას. ღიად ვამბობ, მე ხვალ, დილის 9 საათამდე გავივლიდი ჩემს გრაფიკს და მექნება ჩემი პოზიცია. არ ეთანხმები ამას? აყენებს მდივანი საკითხს, რომ 1/3-ით მიიღებთ გადაწყვეტილებას? მიიღეთ. მე არ გეთანხმებით, ამას არ ჰქვია საკითხის დაგეგმვა და ორგანიზება. მე დღეს ძალადობის მსხვერპლი ვარ. ღიად ვამბობ, თქვენ ძალადობთ ჩემზე, რომ თქვენს ყველა წინადადებას, რომელსაც აქ შეაჯერებთ, დავეთანხმო ისე, რომ ჩემი გრაფიკი ვერ ვნახო… ხვალ დილის 9 საათამდე, სანამ ჩემი დატვირთვის გრაფიკის არ გავივლი და არ გადავალაგებ, თანხმობას ვერ მოგცემთ,”- განაცხადა ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.

ამ განცხადებას კიდევ რამდენიმე ხმაურიანი განცხადება მოჰყვა. საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე ისინი კი არ ძალადობენ, პირიქით, თავმჯდომარე ძალადობს მასზე. ასევე, მოსამართლე წევრებმა გვენეტაძე განსხვავებული აზრის მიუღებლობაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მას სურს, საბჭო ერთპიროვნულად მართოს.

გიორი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ შეეძლო, სხდომის ჩანიშვნის საკითხი საბჭოს სხდომაზე 1/3-ით მისაღებად დაეყენებინა, რასაც ნინო გვენეტაძე არ ეთხნხმებოდა:

“შეგიძლიათ მკლავის გადაგრეხვის პოლიტიკით ყველაფერი მიიღოთ, რაზეა ლაპარაკი… თქვენ ძალადობთ ჩემზე, დღეს ეს გამოგივიდათ ბრწყინვალედ, თუმცა ეს ასე არ გაგრძელდება ასე” – მიმართა მან მიქაუტაძეს და საბჭოს მოსამართლე წევრებს.

საბოლოოდ, გიორგი მიქაუტაძეს სხდომის ჩანიშვნის საკითხი საბჭოს სხდომაზე 1/3-ით მისაღებად არ დაუყენებია და საბჭო 7 ნოემბერს, დილის 9 საათზე ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილებას ელოდება, თუ როდის არის მისაღები მისთვის სხდომის ჩანიშვნა. გიროგი მიქაუტაძის განცხადებით, სხდომის მიმდინარე კვირაში ჩანიშვნა მათთვის მისაღებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი