ახალი ამბები

ჯანდაცვის კომიტეტმა ე.წ. სპაისების აკრძალვას მხარი დაუჭირა

26 ივნისი, 2013 •
ჯანდაცვის კომიტეტმა ე.წ. სპაისების აკრძალვას მხარი დაუჭირა

აღნიშული საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე  თამაზ ავდალიანია. მისი თქმით, ამ სახეობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი:

 

“კომიტეტმა იმსჯელა ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში 8 სახის ნარკოტიკული საშუალების დამატებაზე, ესენია სპაისები, რომლებიც იყიდება ინტერნეტის მეშვეობით, არის სინთეთიკური კანაბინოიდის მაგვარი, მაგრამ არის 5-ჯერ, 10-ჯერ უფრო ძლიერი. ამან შემოაღწია უკვე საქართველოში, ამაზე არ არის რეაქცია, კანონმდებლობით ეს არ ისჯება, არ არის რაიმე აკრძალვაში შეტანილი, შს სამინისტრო რომ იჭერს ვინმეს, ბოდიშს უხდის და უშვებს. ძალიან ძლიერად მოქმედებს ფსიქიკაზე, ამიტომ სასწრაფოდ შეიქმნა ვითარება, რომ შევიდეს აკრძალულ ნივთიერებათა ნუსხაში, რათა შეჩერდეს ეს ნაკადი ამ ნარკოტიკის, რომელმაც შემოაჭრა საქართველოში.”

 

კანონპროექტის ინიციატორი  „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებების  შესატანი კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაჩქარებული წესით განხილვის წინააღმდეგი არიან. 

 

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კობა დავითაშვილმა განაცხადა, ” ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა დაუშვებელია, რადგან აუცილებელია ექსპერტების დასკვნა იმაზე, თუ რა ოდენობა უნდა იყოს კრიმინალიზებული.”

 

„ინიციატვის დაჩქარებული წესით განხილვა შეუძლებელია. მთავრობაში არსებული საკორდინაციო საბჭოს წევრებმა,   რომლებიც ამ ასეთ საკითხებზე მუშაობენ, არაფერი იციან ამ ინიციატივის თაობაზე და ამბობენ, რომ გასაკეთებელია არა მხოლოდ ეს, არამედ სხვაც, თუმცა არა დაჩქარებული წესით“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

 

ჯანდაცვის კომიტეტმა ავდალიანის ინიციატივას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი