ახალი ამბები

პარლამენტში ოკუპაციის ხაზთან არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს

26 ივნისი, 2013 •
პარლამენტში ოკუპაციის ხაზთან არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს

გაერთიანებული სხდომის მთავარი თემა შიდა ქართლში არსებული საოკუპაციო საზღვარი იყო და მუშაობაში მონაწილეობა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა ფიფიამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა მიიღეს. სხდომაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

კომისიის თავმჯდომარის გია ვოლსკის თქმით, ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია:

“ჩვენ ვისაუბრეთ არსებული სიტუაციის თაობაზე, რა გაკეთდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ეს სამუშაო ჯგუფი შექმნა საგანგებოდ, აი, ამ ხაზის აქეთ დარჩენილი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების  შესამსუბუქებლად. გასაკეთებელი ძალიან ბევრია, როგორც ამბობენ ხოლმე, ეს გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ბევრი გაკეთდა. სარწყავი წყლის სისტემები, რომელიც ჩვენს მხარეზეა დამოკიდებულ, ყველა მუშაობს, ფაქტობრივად. მთავრობამ გამოყო გარკვეული თანხა, რომელიც აგვისტოს ბოლომდე საკმარისია იმისათვის, რომ ამ სატუმბმა აგრეგატებმა იმუშაოს გამართულად და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოსურ მხარესთან იმის თაობაზე, რომ სათაო ნაგებობებიდან წყალი წამოვიდეს როგორც ოსური სოფლებისთვის, ასევე ქართული სოფლებისთვის.”

მისივე თქმით, ოკუპაციის ხაზთან ადგილობრივი მოსახლეობის დაკავების რიცხვმა იკლო:

პაატა ზაქარეიშვილისთვის დასმული იყო გარკვეული შეკითხვები ამ დაკავებებთან დაკავშირებით, ამომწურავი პასუხი მიიღეს. მდგომარეობა რადიკალურად გამოსწორებულია ამ მიმართულებით, დაკავებების რაოდენობა და მათი გამოთავისფლების თვითონ მექანიზმი, როგორც ასეთი, არ არსებობს, ის დამოკიდებულია კონკრეტულ ვითარებებზე, მაგრამ ვფიქრობ, ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ იმას, რომ ეს დაკავებები მაქსიმალურად შემცირებული იყოს, ან საერთოდ არ იყოს და ადამიანებს არ ჰქონდეთ იმის აუცილებლობა, რომ მოხვდნენ ამ მძიმე ვითარებაში. სოციალური პრობლემები ჩვენი დახმარებით უნდა გადაწყვიტონ ადგილზე, იმ ზონაში, სადაც ცხოვრობენ.”

საპარლამენტო უმცირესობის წევრი შოთა მალაშხია აცხადებს, რომ სამინისტროების წარმომადგენლებმა პრობლემებს პრობლემები დაამატეს:

“არავითარი გზები, თუ როგორ გადაწყდეს პრობლემები, მათ არ აქვთ, არც პროგრამა არ არსებობს, ეს იყო მოუმზადებელი სხდომა ამ თვალაზრისით, მაგრამ საკითხები ჩვენი მხრიდან დაისმება. უნდა გითხრათ, რომ აქ პოზიციას და ოპოზიციას შორის განსხვავება არ იყო, ორივე ერთნაირად ვსაუბრობდით ამ პრობლემებზე. ამ პრობლემებზევე ხელისუფლებაც საუბრობდა, რომელსაც გადაწყვეტის გზებზე უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს.”

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, უკვე გამოკვეთეს, რა არის გასაკეთებელი:

“შემდეგი ეტაპზე შესაბამისს სამინისტროებს უნდ გადავუგზავნოთ მათი თემები, რათა მათ გამოყონ თავისი პრიორიტეტები და თქვან, რომ გარკვეულ პირობებში ამ საკითხებზე მუშაობა შეუძლიათ/ დაადგინონ, რა თანხები დაჯდება ყველაფერი, რათა მერე საერთო საბიუჯეტო გაწერა შევქმნათ და შევთავაზოთ მთავრობას, რომ გამოყოს ეს თანხები, რაც საჭირო იქნება, როგორც მოკლევადიან პერიოდში როგორ დავეხმაროთ დაზარალებულ მოსახლეობას გამყოფი ხაზის გასწვრივ სოფლებში, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, მუდმივად რომ იყოს ხელშეწყობილი ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის ყოფნა. ჩვენი ამოცანაა, არა მარტო ის ხალხი დავტოვოთ, ვინც ახლა ცხოვრობს და ვინც დაზარალდა გამყოფი ხაზების გამყარებით, არამედ ის ხალხი, ვინც 2008 წლის შემდეგ დატოვეს ეს ტერიტორია და გვინდა შევუქმნათ პირობები, რომ დაბრუნდნენ უკან. “

ზაქარეიშვილის მტკიცებით,  ეს ყველაფერი  იყო ნათქვამი და თუ უმცირესობამ  ვერ გაიგო, მათ უბრალოდ არ უნდათ და ამიტომ ვერ გაიგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი