ახალი ამბები

“არა ნატოს” – ერთი კაცის აქცია პარლამენტთან

26 ივნისი, 2013 •
“არა ნატოს” – ერთი კაცის აქცია პარლამენტთან

პოლიტოლოგი გივი გურეშიძე პარლამენტთან გამვლელ-გამომვლელებს ამ საკითხზე ესაუბრება და სთავაზობს ერთ ლარად მისი ბროშურა შეიძინონ, სადაც, მისივე თქმით, დაწვრილებითაა განმარტებული, რატომ უნდა ეთქვას უარი ნატოს.

 

“პარლამენტთან იმიტომ მოვედი, რომ ეს გეოპოლიტიკურად დაბრმავებული პარლამენტარები იქნებ ნაწილობრივ მაინც გამოვიყვანო ამ სიბრმავიდან,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” გურეშიძემ.

 

გურეშიძე მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს გეოპოლიტიკური სივრცისთვის შეუთავსებელია:

 

“ეს კანონზომიერება სომხებმა და აზერბაიჯანელებმა კარგად გაიგეს და ნატოს არ ეტრფიან. ვინც ნატოს ეტრფის დღეს, საქართველოს მტერია.”

 

გურეშიძე ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველომ ჯარისკაცები უნდა გამოიყვანოს:

 

“ავღანეთში ჩვენ საქართველოს ინტერესებს კი არ ვიცავთ, არამედ ვიცავთ ნატო-ამერიკის ინტერესებს.”

 

მისივე მტკიცებით, “ჩვენ შეგვეძლო ისე წაგვემართა საქმე, რომ ჩვენ კი არ უნდა დავეტუქსეთ რუსეთს, არამედ აფხაზები და ოსები, რადგან აფხაზებისა და ოსების მსგავსი სეპარატისტები მათ ეყოლებოდათ ინგუშების, ჩეჩნების, ჩერქეზების, დაღესტნელების სახით და ის ყოველთვის დაიჭერდა ჩვენს მხარეს, მაგრამ ჩვენმა კუდაბზიკობამ დაგვყუპა ჩვენ.”

 

შეგახსენებთ, რომ დღეს და ხვალ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კომიტეტის (NAC) ვიზიტი იმართება.

არა ნატოს
არა ნატოს

მასალების გადაბეჭდვის წესი