საგანელიძის ინფორმაციით, ივანიშვილს ინტერვიუში “რამდენიმე დღე” არ უხსენებია.
“როგორც მე ვიცი, თვითონ ეს განცხადება არასწორადაა ნათარგმნი იმიტომ, რომ ნათქვამი იყო [რომ პოლიტიკიდან წავა] უახლოეს ხანებში და და, როგორც ჩანს, იქ წერია უახლოეს დღეებში”, – განაცხადა მან.
“მე მგონი, ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება ბატონმა ბიძინამ გააკეთა მაშინ, როცა თქვა, რომ როცა საზოგადოება ჩათვლის, რომ ქვეყანა მიდის იმ გზით, რასაც ჩვენ ვპირდებოდით და ქვეყანაში იქნება დადებითი დინამიკა, მე მაშინ ჩავთვლი, რომ პოლიტიკიდან ჩემი წასვლის დროაო. ის ძალიან ოპტიმისტია და თვლის, რომ ეს შეიძლება ძალიან მალე დადგეს… თუნდაც მაშინ, როდესაც ქვეყანა გათავისუფლდება იმ ხელისუფლებისაგან, რომელიც წლების მანძილზე მართავდა ქვეყანას და იმ სიტუაციამდე მიიყვანა, რაზეც ზოგადად ვსაუბრობთ. ის, როცა პოლიტიკაში მოდიოდა, ამბობდა, რომ მისი უპირველის ამოცანა არის, რომ კანონიერი და დემოკრატიული გზით მოაცილოს ქვეყანას უზურპატორი ხელისუფლება. ეს პროცესი დაიწყო შარშან ოქტომბერში, თუმცა დღეს ფაქტობრივად არის ორხელისუფლებიანობა, რადგან არის პრეზიდენტი სერიოზული ძალაუფლებით. როცა ეს, იმედია, ოქტომბერში აღარ იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ბუნებრივია, ბატონი ბიძინა თვლის, რომ მისი დაპირების ეს პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპი შესრულებული იქნება”.
საგანელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ზოგადად კოალიციისთვის უმჯობესი იქნება, თუ ივანიშვილი თანამდებობაზე დარჩება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. უმრავლესობის ლიდერის თქმით, ამის წინააღმდეგი პრემიერი თვითონაც არ არის.
“სანამ ყველაფერი არ დალაგდება, არ წავა”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ესტონეთის მედიის ერთ–ერთ წარმომადგენელს postimees.ee–ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც პრემიერი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს. ამის შემდეგ მან განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ თანამდებობას არ დატოვებს მანამ, სანამ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია არ შეიქმნება.