ახალი ამბები

მიზანდარმა პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარადგინა

25 ივნისი, 2013 • • 906
მიზანდარმა პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარადგინა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ  საქართველოს კანონის პროექტებზე – “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელეს. 

 
 
კომიტეტებმა მთავრობის ინიციატივას მხარი დაუჭირეს. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, კანონპროექტს მხარი პრინციპების დონეზე დაუჭირეს, თუმცა, მისივე თქმით, მასში ცვლილებების განხორციელებაა საჭირო:


პირველი მოსმენისთვის მხარი დავუჭირეთ. ბევრი რაღაცაა დასაზუსტებელი და გასაკეთბელი. მეორე მოსმენისთვის კიდევ უნდა განვიხილოთ. შენიშვნები მივეცით და გამოასწორებენ.”

 

საპირისპირო ვარიანტზე საუბრობს კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, რომელიც დღეს გამართულ მოსმენაზე ძირითადი მომხსენებელი იყო. მისი მტკიცებით, კომიტეტებს რაიმე გასათვალისწინებელი შენიშვნა არ მიუციათ:

 

“შენიშვნები უფრო არა, შიშები იყო გამოთქმული. იყო შეკითხვები, დაემუქრება თუ არა კანონპროექტი თვითმმართველობის განვითარებას, იყო შეკითხვა, თუ რას ნიშნავს დაცვის ზონაში ნებართვის გაცემა და როგორ შეიძლება გაცემა. მთელი საკითხები იყო, რომლებსაც უფრო კითხვის ფორმა ჰქონდა. შენიშვნა, როგორც ასეთი, გასათვალისწინებელი არ გამოთქმულა. “

 

მისივე განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი სამინისტროსთვის ძველი უფლებამოსილების დაბრუნებას ითვალისწინებს:

 

“ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ის უფლებამოსილება, თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის მართვის, რომელიც გააჩნდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და რომელიც წაერთვა 2009 წელს, დროებით კვლავ დაუბრუნდეს სამინისტროს.”  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი