“მინდა გამოვეხმაურო იმ განსხვავებულ მოსაზრებებს, რომელიც ბოლო პერიოდის მანძილზე გვესმის ამ ფაქტების გამოქვეყნების შემდეგ. მე დავუშვებდი, რომ შესაძლოა, სისტემას გაეპაროს ერთი და ორი ფაქტი, მაგრამ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ათასობით ფაქტზე, მე პირდაპირ შემიძლია გამოვხატო ჩემი აზრი, რომ ეს არის სისტემის დიდი დანაშაული. ამიტომ მკაცრად უნდა იქნას გასამართლებული ყველა ის ადამიანი, ვინც ეს საქციელი ჩაიდინა, ვინც ჩართული იყო, ვინც იცოდა და არ ამხელდა, ასევე, ვინც იყო დამკვეთი. მე მესმის, რომ გამოძიება საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ უნდა იყოს ყველა ის ადამიანი დასჯილი, ვინც მონაწილეობდა ამ ფაქტებში. მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს”, – ამბობს იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში.
როგორც ცნობილია, გასულ წელს ხაჩირიშვილი თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იგი გლდანში იმდროინდელი მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატიც იყო. აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას იგი შემდეგ განცხადებას აკეთებს:
“მე ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი ქალაქის და ჩემი ქვეყნის წინაშე. ყველა ადამიანმა უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში”.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რას გულისხმობს პასუხისმგებლობაში აღებაში, ხაჩირიშვილი პასუხობს:
“ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში… თუმცა ჩემი არჩევანი მე უკვე რამდნეიმე თვით ადრე გავაკეთე. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი ქალაქის და ქვეყნის წინაშე გარკვეული პასუხისმგებლობა, მაგრამ პასუხისმგებლობას ამ კონკრეტულ თემასთან მე ვერ გავაიგივებ. აქ საქმე გვაქვს აბსოლუტურად სხვა, განსხვავებულ თემასთან, რომელიც სამაგალითოდ უნდა იქნას გამოძებული”, – აცხადებს საკრებულოს დეპუტატი, რომელმაც ნაცმოძრაობა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 ივნისს შსს–ში თბილისის საკრებულოს 23 წევრს სამეგრელოში ნაპოვნ სამალავში აღმოჩენილი ვიდეომასალები აჩვენეს. საკრებულოს დეპუტატების განცხადებით, კადრების სიმძიმიდან გამომდინარე მათი ბოლომდე ნახვა ვერ მოახერხეს და ჩვენება დაგეგმილზე ადრე დასრულდა.