ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

25 ივნისი, 2013 • • 859
საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული საქმეები ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული და ყველა დამნაშავე უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს:

 

„წამებისა და არაადამიანური მოპყრობის და ჯიჰადის ვიდეოებთან დაკავშირებით საკითხის მნიშვნელობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რათა დაცული იყოს ობიეტურობა, საქმე ყოველმხრივად იქნას გამორკვეული და გავაკეთოთ ანალიზი, რა პროცესთან გვქონდა საქმე და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც თავიდან აგვარიდებს ქვეყანას, ზოგადა, საზოგადოებას ასეთ მანიაკალურ, მავნე მოვლენებს. ჩვენ ბოლო 9 წელში ვებრძოდით ასეთ ფაქტებს, გარკვეული წარმატებები გვქონდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი გაწეული ძალისხმევა ამ წლების განმავლბაში არასაკმარისი იყო. ნებისიერი ხელისუფალი, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვალდებულია და ინტერესიც უნდა ჰქონდეს, რომ შეიქმნას ასეთი კომისია, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირებიც უნდა დაისაჯნონ, თუ მათ რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდათ ასეთ ფაქტებთან, ვინაიდან ასეთი ფაქტები დარტყმის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, არამედ დარტყმის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს ღირებულებებს. ამიტომ ამ თემას არ აქვს პოლიტიკური საფარველი, ეს თემა არის საზოგადოების პრობლემა.“

 

ლევან  ბეჟაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც შეაფასა, რომელშიც პრემიერი სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე საუბრობდა:

 

„ძალიან სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ პრემიერს ასეთ მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით წინასწარ გარკვეული პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, რომელიც მერე აღმოჩნდება, რომ საგამოძიებო პროცესს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, არსებობს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი და ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი პოლიტიკური შეფასებისგან. ჩვენ ამიტომაც მოვითხოვთ საგამოძოიები კომისიას, იმიტომ, რომ ეს თემა არ არის პოლიტიკური.“

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და თავდაცვისა და უშიროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ 1 ივლისს კომიტეტში ე.წ. ჯიჰადისა და  სამეგრელოში აღმოჩენილ ადამიანის წამების ამსახველ ვიდეომასალებზე დახურულ სხდომა გაიამართება, რომელსაც  დეპუტატების გარდა შს სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. სესიაშვილის თქმით, უმცირესობას ამ შეხვედრაზე საშუალება ექნება პასუხები სამინისტროსგან მიიღოს, ხოლო თუ მიღებული ინფორმაცია არ დააკმაყოფილებთ, კომისიის შექმნის მოთხოვნა შემდეგ დააყენონ: 

  

„ჩვენ ვთავაზობთ უმცირესობას და უმრავლესობასაც, რომ პირველ რიგში შს სამინისტროსგან, საგამოძიებო ორგანოებისგან მივიღოთ ინფორმაცია მიმდინარე საგამოძიებო პროცესის შესახებ, იმ ფარგლებში, რასაც კანონმდებლობა გვაძლევს და ამის შემდეგ, თუ დეპუტატები ჩათვლიან, რომ კომისია უნდა შეიქმნას, არსებობს რეგლამენტი და რეგლამენტის ფარგლებში შეუძლიათ ეს მოთხოვნა დააყენონ.“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი