ადვოკატის თქმით, ზაზა აზარიაშვილს, რომელიც სამი ტომარა ცემენტის ყაჩაღური გზით მოპოვების ბრალდებით არის გასამართლებული, აღენიშნება მძიმე დაავადებები, რის გამოც საპატიმროში დარჩენის შემთხვევაში მის სიცოხლეს საფრთხე ექმნება. გარდა ამისა, ადვოკატისვე ცნობით, მსჯავრდებული წამების მსხვერპლია.
პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, ზაზა აზარიაშვილის წამების მიზეზი გახდა საპატიმროში უკანონო დავალების შესრულებაზე უარის თქმა, როცა მას პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიას ფიზიკური ლიკვიდაცია დაავალეს. აღნიშნული დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაადასტურა თავად ვახტანგ მაისაიამ. მისი თქმით, 2010 წლის სექტემბერში, როდესაც მან შეწყვიტა შიმშილობა, მას საკანში შეუსახლეს სამი პირი, მანამდე ის სამარტოო საკანში იხდიდა სასჯელს. ამ სამი პირიდან ერთ-ერთი სწორედ აზარიაშვილი იყო.
მაისაიას თქმით, ზაზა აზარიაშვილმა მას ჩუმად უთხრა, რომ მის წინააღმდეგ რაღაც საშინელებას ამზადებდნენ და ფრთხილად ყოფილიყო. ამის შემდეგ, როგორც მაისაია იხსენებს, გაიღო საკნის კარი და საკანში შეცვივდნენ ციხის თანამშრომლები, რომელთა შორის იყო ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია და გიგოშვილი. მაისაიას თქმით, მათ ცემა დაუწყეს აზარიაშვილს ხმაურის ატეხვის მოტივით.
“როგორც შემდეგ გაირკვა, იმ საკანში, სადაც მე ვიყავი, დამონტაჟებული იყო მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა, რისი საშუალებითაც გაიგეს ზაზა აზრიაშვილის ნათქვამი და გადაწყვიტეს მისი დასჯა”, – აცხადებს მაისაია. ის ასევე იხსენებს, რომ ამის შემდეგ აზარიაშვილი საკნიდან კარცერში ცემა-ტყეპით გაიყვანეს.
ამის შემდეგ, ადვოკატისა და ოჯახის ცნობით, ზაზა აზარიაშვილი სასტიკად სცემეს, რამაც მისი ჯანმრთელობა შეარყია და ამ დროისთვის დაავადებულია მძიმე დაავადებებით და მკურნალობას გადის გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში. ადვოკატი და ოჯახის მიმართავს სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ შეისწავლონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩაუტარდეს ექსპერტიზა, რათა დარწმუნდნენ, რომ მას აქვს ის დაავადებები, რის საფუძველზეც შეიძლება სასჯელი გადაუვადდეს ან გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
აზარიაშვილს 2010 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა 4 წელი მას ამნისტიის შედეგად ჩამოაკლდა.