ახალი ამბები

ფუფუნების სერვისები ციხეში გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულთათვის

24 ივნისი, 2013 • • 1100
ფუფუნების სერვისები ციხეში გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულთათვის

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით: გ. ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური 2006 წლის 18 ივლისს მოთავსებულ იქნენ ქ. თბილისში, N10 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

 

პროკურატურის ცნობით, წინასწარი შეპირების თანახმად, დაწესებულებაში მოთავსებამდე  მსჯავრდბულებისთვის საგანგებოდ გარემონტდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ფართი (ყოფილი მედ.ცენტრი), დაწესებულების დანარჩენი ტერიტორიისაგან იზოლირების მიზნით შემოიღობა გარე პერიმეტრი,  მოეწყო ცალკე სველი წერტილები, სამზარეულო და სხვა სათავსოები. მათთვის განკუთვნილ საცხოვრებელში შეტანილი იქნა ახალი ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დამონტაჟდა ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია და ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყაროს ხაზები. ამ პატიმრებზე არ ვრცელდებოდა ციხის შინაგანაწესით დადგენილი მსჯავრდებულთა ქცევის  წესები. ისინი შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე, შედიოდნენ ადმინისტრაციულ კორპუსში, შეუზღუდავად სარგებლობდნენ მობილური ტელეფონებით დღე-ღამის ნებისმიერ დროს,  განუსაზღვრელი დროით და რაოდენობით იღებდნენ სტუმრებს, რომლებიც  ძირითადად იყვნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და იუსტიციის სამინისტროს მოხელეები, უმასპინძლდებოდნენ მათ ალკოჰოლურ სასმელით, სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით. 

 

მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გ. ალანია, ა. ღაჭავა, ა. აფციაური და  მ. ბიბილურიძე სასჯელის მოხდის პერიოდში პერიოდულად  გაჰყავდათ  N10 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვადასხვა ვადით და გადაადგილდებოდნენ  პირადი სარგებლობის ავტომანქანებით, მათ შორის: ბებიის, ბიძაშვილის სამძიმარზე, მაღაზიებში და სხვა, როგორც თბილისში, ისე მის გარეთ.  

 

როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურა ამტკიცებს, დადასტურებულია ისიც, რომ  რუსეთ-საქართველოს ცნობილი მოვლენების დროს – 2008 წლის 11 აგვისტოს: გ.ალანია,  ალ.ღაჭავა, ა. აფციაური და მ. ბიბილურიძე  გაყვანილ იქნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების განზრახვით. თუმცა, დ. ახალაია იძულებული გახდა 25 აგვისტოს ისინი უკანვე დაებრუნებუნა, ვინაიდან პრეზიდენტის შეწყალება დროებით  გადაიდო. მოგვიანებით,  2008 წლის 24 ნოემბერს: გ. ალანია, ა. ღაჭავა, ა. აფციაური და მ. ბიბილურიძე მართლაც შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლის დეკემბერში ახალი გამოძიება დაიწყო, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ 2006 წელს ჩატარებული გამოძიება ფალსიფიცირებული იყო დანაშაულის დამკვეთის დაფარვის მიზნით. ახალი გამოძიების ფარგლებში კი, ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი