ახალი ამბები

თბილისის ეროვნულ პარკს ზედაზნის მონასტრისა და ბნელი საყდრის ტერიტორია გამოაკლდება

2 ნოემბერი, 2017 • 4435
თბილისის ეროვნულ პარკს ზედაზნის მონასტრისა და ბნელი საყდრის ტერიტორია გამოაკლდება

ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი და სოფელ კევლიანთან მდებარე ბნელი საყდრის ტერიტორიები თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში აღარ იქნება – ამის შესახებ საუბარია მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში, რომელიც 2 ნოემბერს პარლამენტში პირველი მოსმენით წარმოადგინა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ზავრაშვილმა.

კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნულ ცვლილებამდე თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფართობი შეადგენდა 21036,14 ჰა-ს, ხოლო ცვლილების შემდეგ მისი ფართობი მცირდება 5,33 ჰა-თი და შეადგენს 21 030,81 ჰა-ს. ზედაზნის მონასტრის ტერიტორია მოიცავს 4,63 ჰექტარს, ბნელი საყდრის ტერიტორია კი – 0,7 ჰექტარს.

მომხსენებელ მაია ზავრაშვილს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჰკითხა, თუ რით არის ეს ცვლილება განპირობებული და რატომ მცირდება თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორია.

“ცვლილების საფუძველი გახლავთ ის, რომ ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი და ბნელი საყდრის ტერიტორია – მხოლოდ ეს ტერიტორიები იქნება გამოტანილი დაცული ტერიტორიის საზღვრიდან. მხოლოდ 5 ჰექტრამდე მცირდება აღნიშნული ტერიტორია გამომდინარე იქიდან, რომ სამონასტრო კომპლექსში ხშირია მომლოცველების ვიზიტი, აღნიშნული დაცული ტერიტორიის სტატუსთან არის შეუსაბამო  და გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ტერიტორიას მოეხსნას მხოლოდ ამ ფართობზე დაცული ტერიტორიის სტატუსი,”- უპასუხა მას მაია ბითაძემ.

ამასთან დაკავშირებით რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ 5 ჰექტარი დიდი ტერიტორიაა და რა გარანტიები არსებობს, რომ იქ არაფერი აშენდება.

“დღეს ის არის ხელშეუხებელი, არაფერი არ შენდება, არის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ სახელმწიფოს მხრდან და დღეიდან ეს უკვე ფაქტობრივად არის გამოსული ამ რეგულირებიდან თუ ზედამხედველობიდან. რასაც უნდა, იმას ააშენებენ და როგორც უნდა, ისე წარმართავენ იქ ნებისნიერ საქმიანობას. თუ ეს იყო ისტორიული ძეგლები, მითუმეტეს, მისი დაცვისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ეს სტატუსი არ ყოფილიყო შეცვლილი. 5 ჰექტარი, ვიცით, რომ არ არის პატარა. ტენდენცია, რომ მცირდება დაცული ტერიტორიები, გრძელდება და ამის წინააღმდეგ არაერთი პროტესტი იყო გამოთქმული,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძეს გამოეხმაურა “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარე გიგა ბუკია და განაცხადა, რომ ზედაზენის მონასტერი მეექვსე საუკუნიდან არსებობს და იქ არავითარი მშენებლობა არ იგეგმება, ცვლილებები კი ნაკარნახევია იმით, რომ მომლოცველებს ხელი არ შეეშალოთ.  “ქართული ოცნების” წევრმა კახა კუჭავამ კი განაცხადა, რომ ცვლილება ეხება იმ ადგილებს, რომლებიც თავიანთი თვისებით ვერ ჯდება დაცული ტერიტორიების პრინციპებში და კორექტირდება მხოლოდ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი