ახალი ამბები

ე.წ. ქართული მარშის ლიდერის შესაძლო მუქარის შემცველი პოსტი დიზაინერ ბიჭოლაზე

2 ნოემბერი, 2017 • 7135
ე.წ. ქართული მარშის ლიდერის შესაძლო მუქარის შემცველი პოსტი დიზაინერ ბიჭოლაზე

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი ფეისბუკის საშუალებით დიზაინერ ბიჭოლას ემუქრება, რომელმაც ის ფეხბურთის ფედერაციასთან ჩატარებული ჰომოფობიური აქციისა და ლგბტ დროშის დაწვის გამო გააკრიტიკა.

გინებით სავსე ჰომოფობიური კომენტარი, რომელშიც დიაზინერს ემუქრება და მის საკონტაქტო ინფორმაციას ითხოვს, ფეისბუქზე 1 ნოემბერს გამოქვეყნდა, თუმცა ამჟამად უკვე ხელმისაწვდომი აღარ არის. უცნობია, ის თავად კორკოტაშვილმა წაშალა, თუ ფეისბუკმა დაბლოკა სიძულვილის ენის გამო.

კორკოტაშვილს ჯერ არ დაუდასტურებია, პოსტი, რომელიც მის ფეისბუქის ანგარიშზე გამოქვეყნდა, ნამდვილად მას ეკუთვნის თუ არა. ქართველ დიზაინერს და ლგბტ უფლებების მხარდამჭერებს შეურაცხყოფას ამავე პოსტის ქვეშ “ქართული მარშის” სხვა წევრებიც აყენებდნენ.

გია კორკოტაშვილის მორიგი ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი განცხადება სოციალურ ქსელში, რომელიც ასევე გაქრა მისი ფეისბუკიდან

ე.წ. ქართული მარშის ლიდერმა ბიჭოლას მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი მას შემდეგ დაწერა, რაც დიზაინერმა სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გააკეთა:

“რა უხერხულია, იმ მომენტში, როცა შენ ამერიკაში კარიერის აწყობას ცდილობ, მამაშენი სამშობლოში სექსუალურ უმცირესობებს ებრძვის და მათ დროშას წვავს! სალიო და დანარჩენო საქართველო!”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია გია კორკოტაშვილის მიერ დიზაინერ ბიჭოლას შესახებ დაწერილი განცხადება. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, ამ საკითხზე კომენტარს ხვალ გააკეთებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გია კორკოტაშვილი ფეისბუკის საშუალებით ადამიანებს ემუქრება. შეგახსენებთ, რომ თათია დოლიძეზე მუქარის გამო ის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს გამოკითხვაზე. თათია დოლიძეს გია კორკოტაშვილი ფეისბუქის საშუალებით გაუპატიურებით დაემუქრა, რის შემდეგაც დოლიძემ პოლიციას მიმართა.

ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებაზე დაწერილი კომენტარების ავთენტურობას ე.წ. ქართული მარშის ლიდერები თავდაპირველად არ ადასტურებდნენ; მათი ნაწილი ამბობდა, რომ ყალბი სქრინები ვრცელდება მათი სახელით, ხოლო ზოგი ამბობდა, რომ ფეისბუკი გაუტეხეს. საბოლოოდ, გია კორკოტაშვილმა აღიარა, რომ გაუპატიურებაზე მუქარის შემველი კომენტარი თავად დაწერა. ამის გამო მან თათია დოლიძეს პირდაპირ ეთერში “რაინდული ბოდიში” მოუხადა, დოლიძემ ბოდიში არ მიიღო, რის შემდეგაც გია კორკოტაშვილმა “რაინდული ბოდიში” უკან წაიღო.

“ქართული მარში” ბოლო პერიოდია საქართველოში ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის აქციებს მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი