გია ჟორჟოლიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიცირების ბევრი მიზეზი არსებობს:
“პრეზიდენტმა თავის გამონათქვამებში და მის განცხადებებში არაერთხელ დაადასტურა, რომ მან დაარღვია კანონი. ბოლოს ეს იყო ე.წ. სამალავების საქმე, რომლებიც შექმნილია, როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი გადაწყვეტილებით და ამ დროს თავდაცვის სამინისტრომ და შს სამინისტრომ არაფერი არ იციან ამის თაობაზე. არავითარი ოფიცილური გადაცემა ამ სამალავებისა არ მომხდარა. ეს არის სახელმწიფოში უკონტროლო სამალავების არსებობა. უკონტროლო იმ ინსტიტუტების მიერ, რომლებიც ვალდებულნი არიან, რომ ასეთი ინფორმაცია ჰქონდეთ და აკონტროლებდნენ ამ ვითარებას. ეს არის სააკაშვილის იმპიჩმენტის საკმარისზე მეტი საფუძველი.”

“სოციალ–დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანაში მომხდარ სისტემურ დანაშაულს ჰყავდა არქიტექტორი:”ეს დანაშაულები თავისით არ ხდებოდა. სისტემურობა ამ დანაშაულებისა, რეჟიმის ავტორიტარულობა, უკანონო ქმედებები, ადამინების წამება, ეს აღიარებულია არა მხოლოდ ამ რეჟიმის ოპონენტების მიერ, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ. ამ დღეებში სტრასბურგშიც მოხდება ამის წარმოდგენა. საერთაშორისო საზოგადოებაც კარგად დაინახავს ამ რეჟიმის სახეს. ამ რეჟმს ჰყავდა არქიტექტორი, მთავარი პასუხისმგებელი პირი.”
გია ჟორჟოლიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მოუწოდებს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას გაემიჯნონ და ტრანსფორმირება მოახდინონ:
“მთავარი არის ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, რომელთაგანაც უდიდეს უმრავლესობას ღრმად წამს, რომ არ იყო პირდაპირ კავშირში ამ დანაშაულებთან, უნდა გაიაზრონ, რომ ჩვენ ყველა და განსაკუთრებით მათ, ვინც არ აღიარებს ამ რეჟიმის დანაშაულებრიობას, დაგვეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა. შესაბამისად, მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” უდიდეს ნაწილს აქვს შესაძლებლობა მოახდინოს დელეგიტიმაცია ამ რეჟიმისა და დაიკავოს რეალურად ოპოზიციის ადგილი ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასე ვთქვათ, უარყოს ეს რეჟიმი და ან ახალი ორგანიზაციის ან ახალი კონფიგურაციის სახით, ნებისმიერი ფორმით მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გაგვიწიოს რეალური ოპონირება და არა ის, რასაც დღეს აკეთებს “ნაციონალური მოძრაობა”. ის იცავს მუდმივად დანაშაულებრივ რეჟიმს. ამ რეჟიმის დამცველებმა უნდა გაიზიარონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მათ შორის სააკაშვილმაც.”
პარლამენტარის განმარტებით, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დეპუტატების ერთმა მესამედმა უნდა დააყენოს:”პროცესი დაიწყო და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარია პოლიტიკური მნიშვნელობა ამ საკითხისა. ვფიქრობ, ეს შეიძლება არც მოესწროს საპრეზიდენტო არჩევნებამდე. მაგრამ მთავარია, რომ საზოგადოებრივი აზრი ამის თაობაზე ჩამოყალიბდეს. თუ მოვასწრებთ და მიეცემა პოლიტიკური შეფასება, ძალიან კარგი იქნება. ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სასკითხია და ამდენად, მე დავაყენე ეს საკითხი.”








