პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღმოჩენილ ვიდეოფირებზე, რომლებზეც ადამიანების წამებაა ასახული, საუბრისას განაცხადა, რომ დარღვევების ჩამდენებს სახელები და გვარები აქვთ. ერთ-ერთ დამნაშავედ მან დაასახელა ლევან ქარდავა, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის ხელისუფლებას “გადმოყვა შევარდნაძის დროიდან”. პრეზიდენტის განცხადებით, ქარდავა ამჟამად პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება და აიძულებს, რომ გავიდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან” და ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან.
როგორც კახაბერ შონიამ 21 ივნისს “ნეტგაზეთს” განუცხადა, პრეზიდენტის განცხადება ლევან ქარდავას ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
“რეალურად ასეთ ფაქტს ადგილი არ აქვს. არავის გადაბირებას და დაშანტაჟებას ლევან ქარდავა არ ახდენს”,- აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატის განცხადებით, ლევან ქარდავა მის მიმართ წაყენებულ ბრალს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ არ აღიარებს. გარდა ამისა, ადვოკატის ცნობით, ლევან ქარდავამ 20 დღის წინ განცხადებით მიმართა პროკურატურას საპროცესო გარიგების გაფორმების თაობაზე და პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. შესაბამისად, ადვოკატისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის თანამშრომლობა ქარდავასა და ახალ ხელისუფლებას შორის, როცა მას საპროცესო გარიგებასაც კი არ უფორმებენ.
ადვოკატმა არ იცის, თუ რატომ გააკეთა პრეზიდენტმა ასეთი განცხადება:
“ეს ჩემთვის აბსოლიტურად გაგებარია”.
ადვოკატი უარყოფს, რომ ქარდავამ სასჯელის შემსუბუქების მიზნით პროკურატურას რაიმე სახის ინფორმაცია მიაწოდა.
ლევან ქარდავა სამართალდამცავემა 2012 წლის 15 დეკემბერს დააკავეს “ქართული ოცნების” ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას გატაცების საქმესთან დაკავშირებით. მისი დაკავების მიზეზი ასევე 333–ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გადამეტება და 143–ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გახდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულიხსმობს.
თბილის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ლევან ქარდავას გირაო შეუფარდა. ადვოკატი ამბობს, რომ იგი ამ დროისთვისაც საქართველოში იმყოფება და სამართლებრივი პროცესების განვითარებას ელოდება.
ადვოკატის განცხადების საპასუხოდ, რაც ეხება საპროცესო გარიგებას, მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე პასუხობს:
“გამოძიებას აქვს მინიჭებული უფლება, რომ ვისზეც ჩათვლის საჭიროდ, ვისი ინფორმაციაც, თანამშრომლობაც მისაღებია, იმას გაუფორმოს საპროცესო გარიგება, ან გაუწიოს სხვაგვარი შეღავათი.”