გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა, ჰაერის დაბინძურება, გაუმართავი ავტოპარკი – სწორედ ეს ფაქტორები უშლის ქვეყანას ხელს, უსაფრთხო საგზაო სისტემა ჰქონდეს.
როგორ უნდა გახდეს თბილისის გზები უსაფრთხო – ამ საკითხის შესახებ მსჯელობდნენ დღეს, 30 ნოემბერს, სასტუმრო “რედისონში” შეკრებილი ხელისუფლება, თბილისის მოქმედი და არჩეული მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საერთაშორისო კონფერენცია „დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა“, ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის“ ორგანიზებით, პოლონეთის რესპუბლიკისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებთან ერთად გაიმართა.
2017 წლის მონაცემების თანახმად, ავტოავარიების რაოდენობა საქართველოში 10 %-ითაა შემცირებული. ეს მონაცემები შეკრებილებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გააცნო. მან იმ ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის ატარებს. ასეთია, მაგალითად, კამპანია “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის”, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. შალვა ხუციშვილს მხოლოდ საინფორმაციო კამპანიის შესახებ არ უსაუბრია, მან ასევე ხაზი გაუსვა მართვის მოწმობის ქულათა სისტემაზე გადასვლას და უკონტაქტო პატრულირების დანერგვას, რაც მძღოლებს აიძულებს ნაკლებად გადააჭარბონ სიჩქარეს და მინიმალური დარღვევებით გადაადგილდნენ ქალაქში.
საგზაო უსაფრთხოება მრავალკომპონენტიანი მუშაობის შედეგად მიიღწევა, მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საგზაო ინფრასტრუქტურას, რომლის გამართვაზეც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა თბილისის მერიას ეკისრება. თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ბევრი პროექტი განახორციელა ამ მხრივ მერიამ, თუმცა ძირითადად პეკინის გამზირის რეაბილიტაციაზე ისაუბრა:
“ბოლო ჩვენი ყველაზე მინშვნელოვანი პროექტი ამ თვალსაზრისით არის პეკინის გამზირის რეაბილიტაცია, სადაც ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია გამოიცვალა, საგზაო საფარი მოეწყო, ცალკე გაკეთდა ავტობუსის ხაზი, ცალკე გაკეთდა ველობილიკი, მოეწყო შუქნიშნები და შესაბამისი კვანძები და, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით მდგომარეობა ამ ერთ ქუჩაზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა აქ უნდა ითქვას, რომ როცა ჩვენ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას ვაკეთებთ, მაშინვე იმატებს ტარების სიჩქარე. კარგად გაკეთებული გზა აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მაღალი სიჩქარით ვიაროთ”,- განაცხადა ნარმანიამ.
ავტოტრანსპორტით უსაფრთხოდ გადაადგილების მნიშვნელოვანი ნაწილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოება. ბოლო სამი წლის მანძილზე თბილისში ორი შემთხვევა იყო, როდესაც გაუმართაობის გამო, ე.წ. ყვითელი ავტობუსი ავტოავარიაში მოყვა და მგზავრები დაზარალდნენ. თბილისის ავტოპარკი განახლებას საჭიროებს, ამჟამად ქალაქს 12 ხაზზე 143 ავტობუსი ემსახურება, ახლად შემოსული ავტობუსები მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის საერთო რაოდენობის მხოლოდ ¼-ია.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წარმომადგენლები ცდილობდნენ სიტუაცია იმაზე უკეთ დაეხატათ, ვიდრე უსაფრთხოების კუთხით ქალაქში არსებობს, პოლონეთის ელჩმა ზუსტად აღწერა, თუ რა ვითარებაა თბილისის გზებზე გადაადგილების კუთხით:
“მინდა, ჩემი, როგორც მძღოლის პირადი გამოცდილების შესახებ მოგიყვეთ თბილისში. აქ ავტომანქანის ტარების მეშინოდა, ძალიან შეშინებული ვიყავი და 3 თვის მანძილზე არ ვატარებდი. 3 თვის გასვლის შემდეგ შევეჩვიე აქ ცხოვრებას, მაგრამ გზებზე კვლავ მაქვს შეგრძნება, რომ მუდმივად დანაშაულს ჩავდივარ, ასეთი ანეგდოტიც აღმოვაჩინე – თუ არ იცი დარვინიზმის დეფინიცია, უნდა გახვიდე ქუჩაში და აღმოაჩენ, რომ “ყველაზე ძლიერი გადარჩება”. – განაცხადა მარიუშ მაშკიევიჩმა.
მაშკევიჩის განცხადება უპასუხოდ არ დაუტოვებია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს, რომელიც ამავდროულად თბილისის ახლად არჩეული მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის ავტორიცაა:
“მე მინდა გითხრათ, რომ საქართველო ნამდვილად აღარ არის იმ ქვეყნების რიგში, სადაც უსაფრთხოება არის სურვილი, საქართველო არის იმ ქვეყნების რიგში, სადაც უსაფრთხოება არის მუდმივად გაუმჯობესების და პროგრესის საგანი”,- განაცხადა თალაკვაძემ.
გადაჭარბებული სიჩქარე მნიშვნელოვანი ფაქტორია უსაფრთხოების მიღწევისას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იმ მომავალი აქტივობების შესახებაც ისაუბრა, რასაც უწყება სამომავლოდ გეგმავს:
“შემდეგი ეტაპი არის ვიდეოჯარიმების ახალი სისტემა და ე.წ. ჭკვიანი კამერების ამოქმედება, რომელიც 1 ნოემბრიდან იგეგმება კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით. თბილისში ჩვენ გვაქვს 100 ასეთი ახალი კამერა, რომელიც პირველი ნოემბრიდან ჩაირთვება 3 წლის პერსპექტივაში. დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ბათუმი და ქუთაისი, საგზაო მოძრაობის ადმინისტრირება უნდა განახორციელონ ტექნოლოგიებმა და საპატრულო პოლიციის როლი კრიმინალის პრევენციის მიმართულებით უნდა განვითარდეს. შემდგომი ეტაპი იქნება მართვის მოწმობის გამოცდების გატანა რეალურ პირობებში, რაც უნდა განხორციელდეს 2018 წლის დასაწყისში”,- განაცხადა ხუციშვილმა.
დღევანდელ კონფერენციას ესწრებოდა თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე, რომელსაც უშუალოდ კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა უსაფრთხო გზების მიმართულებით მერიის სამომავლო აქტივობაზე ისაუბრა:
“ჩვენ ვისმენთ საუბარს, რომ მომავალი წლიდან იგეგმება ტექდათვალიერება, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რადგან ეკოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მძიმეა მდგომარეობა ქალაქში. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, მოძრაობის უსაფრთხოების ახალი წესების შემოღება, საკმაოდ ბევრი სამინისტრო ინება ჩართული ამ მიმართულებით და ჩემი მხრიდან, როგორც ქალაქის მერი, მაქსიმალურად მზად ვარ თანამშრომლობისთვის, ხელშეწყობისთვის. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ინფრასტრუტურული პროექტების განხორციელება, ეს კომპლექსური მიდგომ, წაადგება არსებული მდგომარეობის გამოსწორებას. ჩვენ ორიენტირებული ვართ ადამიანზე, მის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე”. – განაცხადა კალაძემ.
ეკოლოგიური სარგებელი
კონფერენციაზეც არაერთხელ ითქვა, რომ გზების მოწესრიგების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ისაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ ავტოსატრანსპორტო სექტორიდან ზარალდება. ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო სწორედ ავტომობილების გამონაბოლქვია.
“ავტოსატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონეს განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი – ეს არის ავტომობილების რაოდენობა, მათი ასაკი, ტექნიკური გამართულობა, საწვავის ტიპი და ხარისხი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწყობა, მოძრაობის ორგანიზებულობა, საგზაო ინფრასტრუქტურის გამართულობა და სხვა. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი გვიჩვენებს, რომ დღეისათვის საქართველოში ყველაზე პრობლემური არის ორი დამაბინძურებელი- მტვრის უმცირესი ნაწილაკები და გუტის ორჟანგი, რომლის მთავარ წყაროსაც წარმოადგენს ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მყარი ნაწილაკების კი, სამშენებლო სექტორი და გრუნტი”,- განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკა გრიგალავამ.
მისივე თქმით, საქართველოში მოძრავი მანქანების 90% 10 წელზე მეტი ხნისაა და მაღალია იმის ალბათობა, რომ ავტოსატრანსპორტო პარკის დიდი ნაწილი არის ტექნიკურად გაუმართავი. შესაბამისად, ტექდათვალიერების აღდგენა ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
“ამდენი წლის განმავლობაში არარსებული ტექდათვალიერების შემოღება აუცილებლად მოგვცემს იმ შედეგს, რომელსაც ჩვენ ვესწრაფვით, აუცილებლად შეამცირებს მავნე ნივთიერებების გამოფრქვევას. ეს იქნება ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს სხვა ღონისძიებები, რომელიც სახელმწიფო პროგრამაშია ჩამოთვლილი”, – განაცხადა მან.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მომზადდება რეკომენდაციები უსაფრთხოების თემაზე, რომლებიც სამინისტროებსა და ქალაქ თბილისის მერიას გაეგზავნება.