ახალი ამბები

ოკუპანტების მიერ დაკავებულის მშობლები დახმარებას ითხოვენ

19 ივნისი, 2013 • 1082
ოკუპანტების მიერ დაკავებულის მშობლები დახმარებას ითხოვენ

შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, 29 წლის თემურ გიგაური ქვემო სობისში საქონლის წყემსვის დროს დააკავეს და უკვე 22 დღეა ცხინვალის საპატიმროში იმყოფება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

 

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე დღეს დაკავებულის მშობლებს შეხვდა. მათი თქმით, შვილის გატაცების ფაქტზე ონფორმირებულნი არიან სამართალდამცავები, ევროკავშირის დამკვირვებლები და საერთაშორისო წითელი ჯვრის გორის ოფისი. მათივე განცხადებით, ცხინვალის ციხეში მყოფი შვილის გასათავისუფლებელი 2 000 რუსული რუბლის შეგროვებაც მოახერხეს, მაგრამ ამ დრომდე ვერ დაადგინეს, როგორ და ვისი მეშვეობით უნდა გადაიხადონ ეს ფული. მათი განცხადებით, თემურ გიგაურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და შიშობენ, რომ საპატიმროს ცუდი პირობები მათ შვილს ჯანმრთელობის მდგომარეობას დაუმძიმებს.

 

„როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში იმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და მინდა მივმართო მოლაპარაკებების პროცესში მონაწილე ქართულ მხარეს, კატეგორიულად დააყენოს თემურ გიგაურის გათავისუფლების საკითხი, რაც აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, რათა გათავისუფლებულიყო ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე. მე იმედი მაქვს, რომ დროულად მოხდება თემურ გიგაურის გათავისუფლება და რეაგირება მსგავს საკითხებზე მომავალში იქნება ოპერატიული და არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე“,  – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ.

 

გუბერნატორის ადმინისტრაცია  მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს და ყველა უწყებას, დაუყოვნებლივ მოახდინონ  რეაგირება, რათა დროულად მოხდეს თემურ გიგაურის გათავისუფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი