ახალი ამბები

დაკავებისას დაღუპული ახალგაზრდის გამო გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს

27 ოქტომბერი, 2017 • 2821
დაკავებისას დაღუპული ახალგაზრდის გამო გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს

დღეს, 27 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ადამიანებმა, რომლებიც აპროტესტებდნენ თბილისში დაკავების  დროს ახალგაზრდა კაცის დაღუპვას, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც ერთი მათგანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ იგი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე [პოლიციელის დაუმორჩილებლობა] მუხლების მიხედვით დააკავეს.

ინციდენტი გუშინ, 25 ოქტომბერს, მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაუპირისპირდა. როგორც შსს აცხადებს, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის შემდეგ სამართალდამცავებმა მისი დაკავება სცადეს, რა დროსაც მოულოდნელად დაიღუპა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ნუცუბიძის პლატოზე 32 წლის კაცის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპვის  საქმეზე ვიდეოჩანაწერების მოპოვების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საპატრულო ეკიპაჟის  სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველებიც ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი