ახალი ამბები

შსს: ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცი დაკავებისას გარდაიცვალა

25 ოქტომბერი, 2017 • 3551
შსს: ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცი დაკავებისას გარდაიცვალა

დღეს, 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის პლატოზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებისას ახალგაზრდა კაცი პაატა პავლიაშვილის დაიღუპა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

უწყების ცნობით, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაუპირისპირდა. პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის შემდეგ სამართალდამცავებმა მისი დაკავება სცადეს, რა დროსაც მოულოდნელად გარდაიცვალა.

“პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

როგორც ტელეკომპანია “იმედს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, მამაკაცი დაკავებისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფებმა პოლიციას მისი დაკავებისაგან თავის შეკავება და  სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მოითხოვეს.

შემთხვევას შსს-ს პრესსამსახურის უფროსიც გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ “კატეგორიულად გამორიცხავს იმ ინტერპრეტაციას, თითქოს მამაკაცი პოლიციის ბრალეულობით გარდაიცვალა”.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი